“ბიძინა ივანიშვილი ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ეუბნებიან, – ვაიმე, ბატონო ბიძინა, თქვენ ხართ რაც ხართო და ეგეთებს! გამორჩეულად უბრალოა. ასეთივე იყო ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ მიყვარდა ეგ კაცი! რამდენჯერმე ისტერიკაში ჩამიგდია, იმდენი უცინია ჩემს მონაყოლზე და ასეთ დროს მეხვეწებოდა, ცოტა ხანს მაინც გაჩუმდი, აღარ შემიძლიაო”, – მითხრა ბესო ბერულაშვილმა, რომელსაც ქართული სუფრის ტრადიციებზე სასაუბროდ შევხვდი.
– ალბათ დაკვირვებული ხართ, რომ ქართულ სუფრაზე პირველად უფლის სადღეგრძელოს მიირთმევენ. უფალი ამბობს, სადაც ორი და სამი მახსენებს, მე იქ ვარო. გამოდის, რომ ყველა ქართული სუფრის მასპინძელი უფალია, ის ჩვენთან ერთად არის… დაახლოებით მეექვსე კლასში ვიყავი, პირველად რესტორანში რომ წავედი, დეიდაშვილის ქორწილში. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, უბანში რომ მომეყოლა, რესტორანში ვიყავი-მეთქი… თურმე, რა გიხარია, მომავალში იქ უნდა იცხოვრო (იცინის). ის ქორწილი ახლაც მახსოვს. ბიძაჩემი გახლდათ თამადა, იშვიათი კაცი – ალექსანდრე საბაური. მან მასწავლა თამადობა…
ქართული სუფრის ფენომენზე ლაპარაკისას, მაინცდამაინც ცუდ მხარეს განიხილავენ. ვიღაცისთვის გამაღიზიანებელია, როდესაც სუფრაზე უამრავი ხორაგია და ნახევარზე მეტი კერძი ხელუხლებელი რჩება, მაგრამ ამასაც თავისებური ახსნა აქვს: წინა საუკუნეებში ნამდვილად არ ჰქონდა ქართველ კაცს საშუალება, ამხელა სუფრა გაეშალა და სართულებად დაეწყო საჭმელი. კომუნისტების დროს ბიუჯეტის მსხვილი მომპარავები იყვნენ, მაგრამ მანქანას ვერავინ იყიდდა, სახლს ვერ აიშენებდა, რადგან დაიჭერდნენ. ერთადერთი, შეეძლოთ ისეთი სუფრა გაეწყოთ, ყველას რომ გააკვირვებდნენ. აი, ასე დაიწყო ცხრასართულიანი სუფრების ამბავი, რომელიც მეც არ მიყვარს.
სამაგიეროდ, სხვა რაღაცები მომწონს. ლაზათიანი ქართული სუფრა თავისი მადლით, განუმეორებელია. ლამაზად ლექსს წაიკითხავენ, “მრავალჟამიერს” დააგუგუნებენ და მიუხედავად იმისა, რომ ამას ბავშვობიდანვე ვხედავ, არა და არ მბეზრდება. ქართული სუფრა არის სწორედ ის ადგილი, სადაც წყდება ქვეყნის ბედ-იღბალი. რამდენჯერ შევსწრებივარ, სუფრაზე ვიღაც თანამდებობაზე დაუნიშნავთ, ვიღაც მოუხსნიათ კიდეც… არ დავმალავ და მეც რამდენჯერმე გამიღიმა ბედმა. განსაკუთრებით კარგად მახსენდება ის დღე, როდესაც მეგობართან – გუჯა ბუბუტეიშვილთან ვიყავი, სადაც ფეხით მივედი და მანქანით გამომიშვა.
– მანქანა გაჩუქათ? – დიახ! პირდაპირ ჭიქაში ჩამიგდო ახალი “მერსედესის” გასაღები… ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება ქართულ სუფრაზე და რატომღაც, ამაზრზენი რაღაცების გამოგონებით ამახინჯებენ. ფეხსაცმელს რომ გაიხდიან და იმით ღვინოს დალევენ, მაპატიეთ და, ეს არის მარაზმი, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს ქართულ ტრადიციასთან.
პირადად მე, ქართულ სუფრაზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მხოლოდ ცნობილ ადამიანებში არ უნდა ვეძებოთ კარგი თამადები. კოტიკო ყიფიანი არის ალბათ, ნომერი პირველი, რომლის მსგავსი მომლხენი არ მეგულება! მისი სახით ქართულმა თეატრმა კიდევ ერთი კარგი “დოდო აბაშიძე” დაკარგა! ჩოხასავით მოირგებს სუფრას და არნახულ დრო გაგატარებინებს.
– სამთავრობო ბანკეტებზე თუ ყოფილხართ?
– ბევრჯერ ვყოფილვარ და იქაც ჩვეულებრივი ადამიანები არიან… ერთხელ ქორწილში, გია ვოლსკისთან მივედი და ვუთხარი, ნება მიბოძეთ, თქვენი სახელით მივულოცო ნეფე-დედოფალს გაბედნიერება-მეთქი. მას ეგონა, თუ გამოვიდოდი და ვიტყოდი, ბატონი გია გაბედნიერებას გილოცავთ-მეთქი, არადა, გია ვოლსკის ხმაზე დავიწყე საუბარი… გაოგნებული მიყურებდა.
სხვათა შორის, სუფრასთან ბევრჯერ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს. მისი ცეკვა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მღერის… ისეთი ძმაკაცები ჰყავს, სიმღერას ასწავლიდნენ, აბა, რა იქნებოდა?! 30 წელია, “ქართული ხმების” წევრები მისი ძმაკაცები არიან. ერთმა რამემ ნამდვილად გამაკვირვა: ბიძინას მათ ნამღერზე ცრემლი მოადგა თვალზე, ამას არ ველოდი. ის ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ზედმეტად აქებენ. ასეთივე იყო ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი.
თქვენ უნდა გენახათ, მასთან სუფრაზე ბერეზოვსკი და მილიარდერები რომ ისხდნენ, მეც იქ ვიყავი წამოსკუპებული და მხოლოდ 12 ლარი მედო ჯიბეში. უფრო სწორად, 6 ლარი მქონდა და მეგობარმა, მერაბ გეგეჭკორმა პალტო გაიხადა, ჯიბე არ ჰქონდა და მთხოვა, ეს ჩემი 6 ლარიც შენ შემინახეო. დავდიოდით სიგარით ხელში, კარგად “დაზმანულები” და იმ მილიარდერებს ჩვენც ოლიგარქები ვეგონეთ… მერაბისთვის დამავიწყდა მეთქვა, – სიგარას რომ ეწევი, ნაფაზი არ უნდა დაარტყა-მეთქი. ჰოდა, ბოლი გადასცდა და ნახევარი რიტუალების სასახლე ბეჭებში ურტყამდა ხელს, ლამის ფეხებითაც დავკიდეთ…