რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საზღვრების გახსნის თარიღი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ 15 ივლისიდან ხელისუფლება საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას დაიწყებს, იუწყება РИА Новости.
პანდემიის გამო რუსეთმა 27 მარტიდან სხვა ქვეყნებთან რეგულარული და ჩარტერული ავიამიმოსვლა შეწყვიტა. გამონაკლისს შეადგენს რეისები, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან, ასევე სატვირთო, საფოსტო, სანიტარული და ზოგიერთი სხვა ფრენები. ადრე გამოცხადდა, რომ საზღვრების გახსნის თარიღი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
„ეს შესაძლებელი გახდა, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთში უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ავადობის და ახალი კორონავირუსული ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების შემცირება ფიქსირდება“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.
ვიცე-პრემიერის თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენა დაიწყება იმ ქვეყნებთან, სადაც COVID-19-ით ინფიცირება 100 ათას მოსახლეზე 40 შემთხვევას არ აღემატება.
ინფიცირებულთა საშუალო დღიური მატება და დაავადების გავრცელების მაჩვენებელი ამ სახელმწიფოებში არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს.
გოლიკოვას განცხადებით, საავიაციო ხელისუფლებამ უნდა გამართოს მოლაპარაკებები და დაადგინოს, რომელი ქვეყნები შეესაბამება ამ კრიტერიუმებს. ავიამიმოსვლის აღდგენა ორმხრივი პრინციპით მოხდება.
რუსეთში შესვლისას უცხოელებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც საზღვრის გადაკვეთამდე არაუმეტეს სამი დღით ადრეა გაცემული. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ აჩვენონ კორონავირუსზე ტესტის შედეგები ან ეს ტესტი სამშობლოში ჩაიტარონ.
“სპუტნიკ-ჯორჯია”