სახალხო დამცველის აპარატი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება. – ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი აქვეყნებს
“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის გამო. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება.
პირის სიცოცხლის მოსპობის ნებისმიერ საქმეზე სახელმწიფო ორგანოების უპირველესი ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების წარმოება და პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებაა.
2020 წლის 13 ივლისს სახალხო დამცველი შეხვდა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს და მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ. ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას.
ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკვე მოინახულეს 17-ვე ბრალდებული. აპარატი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას საქმის შესწავლის პარალელურად შეხვდეს და მოუსმინოს ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით მათი წუხილების ან/და საპროცესო უფლებდარღვევების თაობაზე.
სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით, რათა შევისწავლოთ გამოძიების ეფექტურობა და მეორეს მხრივ, შევაფასოთ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.
პარალელურად, შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას მივაწვდით საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და ასევე ჩვენს შეფასებებს. ვფიქრობთ, ჩვენი როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსებთ, საქართველოს პროკურატურამ მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზად ასფიქსია წყალში დახრჩობით დაასახელა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები.
ცნობისთვის, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.
შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო ასევე, მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები გავრცელა
პროკურატურის დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.
“აიპრესი”