კობახიძე ზელენსკიზე: უყრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში

უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც [ზელენსკისაც] აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის  სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას.

მისი შეფასებით, სააკაშვილის გასათავისუფლებლად ის ადამიანები აქტიურობენ, ვინც ის საქართველოში ჩამოიყვანა.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად. მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედთან“.