ხატია დეკანოიძე: ჩემმა თანაგუნდელებმა უნდა შეწყვიტონ შიმშილობა – ანის თვალშისაცემი წონაში კლება მაშფოთებს

ჩემმა თანაგუნდელებმა უნდა შეწყვიტონ შიმშილობა – ანის თვალშისაცემი წონაში კლება მაშფოთებს – ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემს თანამებრძოლებს ვთხოვ, როგორც მეგობარი, როგორც ადამიანი, გაითვალისწინონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეწყვიტონ  შიმშილობა. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობა არის  ის, რომ მუდმივი კონტროლის ქვეშ იყვნენ და ყველანაირი პირობა შევუქმნათ იმისთვის, რაც აუცილებელია, რომ უფრო არ დაზიანდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს არის პირველი დღე, როდესაც  ანი არის სუსტად. მაშფოთებს მისი წონაში  კლება, რომელიც თვალშისაცემია უკვე. სამივეს დაბალი არტერიული წნევა ჰქონდათ. იმედია, ყველა ერთად შევეცდებით გადავარწმუნოთ ისინი,  რომ შეწყვიტონ შიმშილობა”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს.

პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.

აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა.