თუ იქნება პრეცედენტის დაშვება, რომ მძიმე ავადმყოფ მსჯავრდადებულს უცხოეთში გადაიყვანენ, ციხეებში ბუნტი მოხდება , – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუის“ ეთერში განაცხადა.
„სააკაშვილის დაუძლურების ყურებით ბევრი გულს იფხანს. დამარცხებულ მეტოქეზე შურისძიება არ არის შურისძიება, ხშირ შემთხვევაში შურისძიება ღირსეული ამბავია. ის ადამიანები იფხანენ გულს, რომლებიც სააკაშვილის ქება-დიდებით იყვნენ დაკავებულები. სხვა მხრივ, რომ შევხედოთ სააკაშვილი ციხეში არ არის, ის არის კლინიკაში. მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა დააშავა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ძალაუფლებას გადააჭარბა, ამის გამო ის ციხეში უნდა მჯდარიყო.
კიდევ უფრო მეტიც, სააკაშვილმა თავი მოჭრა საქართველოს ისე შემოსვლით, როგორც შემოვიდა. 2-ჯერ ყოფილი პრეზიდენტი და 2-ჯერ ყოფილი მთავარსარდალი კამო პეტროსიანივით შემოიპარები არაჟნის ყუთებით, ამან ცუდ დღეში ჩააგდო ქვეყანა და თავისი თავიც. როგორც აღმოჩნდა ის ფსიქოლოგიურად არ იყო მზად იმისთვის, რომ შეიძლება დაეჭირათ. თუ ახლა რამე სჭირს სააკაშვილს ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა, ის ვერ ეგუება პატიმრობას.
თუ დაშვება მოხდება პრეცედენტის, რომ მძიმე ავადმყოფი მსჯავრდადებულის გადაყვანა მოხდება უცხოეთში, ციხეებში მოხდება ბუნტი. 25 წელი, რომ გაქვს მისჯილი კოვზსაც გადაყლაპავ, ჩუსტსაც მიაყოლებ, თავსაც დაიზიანებ. გგონიათ მძიმე პაციენტები ციხეებში არ არიან?
ჩემი ღრმა რწმენით ადვოკატებიც წყალს ურევენ, რაღაც „პოლონიუმი“ დაალევინესო. პოლონიუმით“ მოწამლული ერთი-ორი ადამიანი მყავს ნანახი და უბედურ დღეში იყვნენ. სააკაშვილს თუ ვინმე სჭირდება, ეს ფსიქოლოგია. მიხეილ სააკაშვილს „პოლონიუმი“ კი არ აქვს დალეული, თავისი რიტმიდან და ტემპიდან გამომდინარე უჭირს იმის განცდა, რომ კიდევ არაერთი წელი მოუწევს ციხეში ჯდომა“, – განაცხადა ელისაშვილმა.