უკვე რვა სახელმწიფომ გაუღო კარი რუსეთის მოქალაქეებს და მოუთმენლად ელიან ტურისტებს – ამის შესახებ რუს ჟურნალისტებს აცნობა რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია ლომიძემ. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:
თურქეთი, კუბა, დომინიკანა, მექსიკა, მალდივები, ხორვატია, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საემიროები. ეს ქვეყნები რუსი ტურისტებისათვისაც პრიორიტეტულებია დასასვენებლად.
ამასთან, რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა რუსი ტურისტებისთვის ამ ქვეყნებში არ არსებობს, გარდა ერთისა – მათ დასჭირდებათ სამშობლოდან გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ტესტირების ჩატარება “კოვიდ 19”-ზე და დანიშნულების ქვეყანაში ამ ვირუსის არქონაზე ცნობის წარდგენა.
მაია ლომიძემ ასევე აღნიშნა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ 8 ქვეყანას მალე სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.
საქართველო კი, ჯერ-ჯერობით, “თვითიზოლაციაში” რჩება და “ტურისტებს” საფრანგეთიდან და გერმანიიდან ელის. როგორც ჩანს, წლევანდელი წელი დამანგრეველად ჩაივლის ქართული ტურისტული სექტორისა და, მთლიანად, ეკონომიკისათვის.