უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2023 წელსაც უკრაინაში მიმდინარე ომისადმი თავისი მიდგომის შენარჩუნების პირობას დებს. ამის შესახებ მან წლის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანმა ამ წლის განმავლობაში თავისი მთავრობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ის დაასახელა, რომ უნგრეთმა უკრაინაში მიმდინარე ომისგან “მოშორებით ყოფნა” შეძლო.
მისი თქმით, ამ ომში მხოლოდ წაგებულები არიან, რომლებადაც ორბანი ქვეყნებს – უკრაინასა და რუსეთს – მიიჩნევს, ასევე ევროპას, რომელსაც ეკონომიკური ვარდნა აქვს და სანქციები აზარალებენ.
“ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ. ის, ვინც იარაღს აწვდის – კოჭებამდეა მასში, ის, ვინც ჯარისკაცებს წვრთნის – წელამდეა, ის, ვინც მთელ მეომარ ქვეყანას წვრთნის – ყურებამდეა ომში”, – თქვა ორბანმა და იმედი გამოხატა, რომ ევროპა “ყელამდე ომში” არ აღმოჩნდება.
მისი თქმით, უნგრეთი მომავალშიც გვერდზე დარჩება, მაგრამ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინიდან დევნილებს.
ორბანმა ასევე გაიმეორა თავისი წინა განცხადება, რომ თვლის დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის არსებობას უნგრეთის ეროვნულ ინტერესად.