შალვას, ჩემი ამ კონტექსტში მოხსენიება იმისთვის დასჭირდა, რომ სააკაშვილისთვის ექსპერტიზა აღარ დანიშნულიყო

ალექსანდრე გეჯაძე შალვა ხაჭაპურიძეზე – შალვას, ჩემი ამ კონტექსტში მოხსენიება იმისთვის დასჭირდა, რომ სააკაშვილისთვის ექსპერტიზა აღარ დანიშნულიყო.

2012 წლიდან არანაირი ზარი, პირდაპირი ან ირიბი, გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა, – ამის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის “ვექტორი” წარმომადგენელმა, ალექსანდრე გეჯაძემ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა. ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ გეჯაძემ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე „ის დასკვნა დადო, რომელიც შსს-ს აწყობდა“.

“2012 წლამდე იყო 1-2 ეპიზოდი, თუმცა ამას თავი დავანებოთ, მაგრამ 2012 წლიდან არანაირი ზარი, მითითება, არანაირი პირდაპირი ან ირიბი რაღაც გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

შალვას მთავარი მიზანი სტრატეგიულად იყო ის, რომ ექსპერტიზა აღარ დანიშნულიყო – არც სამხარაულის, არც ჩვენი სტრუქტურის და არც კიდევ ერთი დამოუკიდებელი საექსპერტო სტრუქტურის. ეს შალვას აწყობდა, რადგან პროცესი კიდევ ერთხელ გაჭიანურდებოდა და შალვამ თავისი სტრატეგიით მიაღწია თავის საწადელს და მოსამართლეს დაუმტკიცა, რომ ახლა აზრი არ აქვს ექსპერტიზის ჩატარებას. ეს თავისი სტრატეგია და მიზანი როგორ განახორციელა მორალურად, გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს. ალბათ, შალვა დამიკავშირდება და შეიძლება მითხრას – „ალეკო, სხვა გზა არ მქონდა და ჩემს სტრატეგიას ასე სჭირდებოდა“. შეიძლება მან მომიბოდიშოს და ასე რომც გველაპარაკა და მე ჩამეწერა, არ გეწყინოსო“ – აცხადებს გეჯაძე.

წყარო: itv.ge