საგარეო უწყება – სამწუხაროა, რომ პროტოკოლური განლაგების წესი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

საქართველოს საგარეო უწყება ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროა, რომ პროტოკოლური განლაგების წესი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

საგარეო უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის, მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში.

„ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები. მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო ოთხი ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი.

პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.