ირაკლი კობახიძე: არ ვიცი სააკაშვილის სიმულაციაზე რატომ ვხარჯავთ ფულს, იუსტიციის სამინისტრო ალბათ ქვეყანას უფრთხილდება

„ზოგადად დღეს არ მინდა საერთოდ სააკაშვილის თემაზე საუბარი. ეს არ არის ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას. როდესაც მთლიანობაში საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს ბუნებრივია, გიწევს საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება.” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ .მედიასთან განაცხადა.

“ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას და ბუნებრივია, ასეთ დროს გიწევს არა მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა საქმეში, არამედ სწორედ საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ამ სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი, რაღაცნაირად შექმნას არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია წესით არაფერი საფუძველი არ უნდა იყოს. 450-დღიანი სიმულაცია არის ის, რაც მგონი საზოგადოებას თავიდან ბოლომდე მობეზრდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

“აიპრესის” კითხვაზე, თქვენ განაცხადეთ,რომ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამო სახელმწიფომ სოლიდური თანხა დაიხარჯა, თან საუბრობთ, რომ სააკაშვილი სიმულანტობს. თუ თქვენ იცით რომ ეს ადამიანი სიმულანტობს,  ხელისუფლება რატომ  აკებს ამას ?

“არ ვიცი. იუსტიციის სამინისტრო ალბათ ქვეყანას უფრთხილდება. ამიტომ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ალბათ ეს არის მიზეზი.  მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ამაზე გადაწყვეტილებებს იღებს იუსტიციის სამინისტრო. ” – განაცხადა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ.