ირაკლი კობახიძე: არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი – ჰგონიათ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის არევა

 არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი, პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა

“ზოგადად, ყველამ იცის რა უნდა მაგალითად არესტოვიჩს ხომ? არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი, პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ და ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ერთადერთი მიზანი ამ კამპანიის უკან არის საქართველოში არეულობის გამოწვევა, მეორე ფრონტის გახსნა, ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად იკვრება, როდესაც ჩვენ ვისმენთ არესტოვიჩის შესაბამის განცხადებებს. რა თქმა უნდა, ეს ასეა, რა თქმა უნდა, ერთადერთი მიზანი იმის უკან, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი არის ქვეყანაში, ჰგონიათ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის არევა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლი, ოლექსეი არესტოვიჩი უერთდება რუსი უფლებადამცველის ინიციატივას 4 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს საელჩოებთან აქცია გაიმართოს.

მისი თქმით, საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევიან, თუმცა აქ საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე.

“ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. ადამიანის ყველაზე მთავარი უფლების დაცვაზე. როდესაც ადამიანი კვდება და არსებობს ტოქსიკოლოგიური დასკვნა მოწამვლაზე, როდესაც მომაკვდავი პირი მონაწილეობს სასამართლოში და სასამართლო ვერ ეხმარება მას, ასეთი სასამართლო ვერ ჩაითვლება სამართლიანად. თქვენ გამოდიხართ ადამიანის მხარდასაჭერად რომელსაც საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში. ეს  ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულია”, – თქვა ოლექსეი არესტოვიჩმა.