ლუკ კოფი – შუა დერეფანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის

შუა დერეფანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ განცხადება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„შუა დერეფანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, რადგანაც ის გვერდს უვლის როგორც რუსეთს, ისე ირანსაც. თუმცა, ამის ხორცშესხმა უფრო მეტ მუშაობას მოითხოვს, ვიდრე ამ რეგიონში ევროკავშირის მაღალჩინოსნის ერთხელ გამოჩენაა. ჩვენ გვჭირდება აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მდგრადი ყოფნა ამ რეგიონში და გვესაჭიროება ახალი სტრატეგიები. აშშ-ის სტრატეგია ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის 2020 წლის თებერვალში გამოქვეყნდა და ის, ძირითადად, ავღანეთზე იყო ფოკუსირებული. მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. ევროკავშირის სტრატეგია ცენტრალური აზიის რეგიონისთვის 2019 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა და ამ დოკუმენტში ნავთობი და ბუნებრივი აირი საერთოდ არ არის ნახსენები. ასე რომ, ევროპა თუ ეძებს ენერგიის ახალ წყაროებს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს, ცხადია, რომ ეს არის ერთ-ერთი სფერო, რომელშიც მათ ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობა შეუძლიათ. ვფიქრობ, ჩვენ ამ რეგიონის მიმართ ახალი მიდგომის შემუშავება გვჭირდება, თუმცა ჯერ ცვლილებებს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.