ფიფამ მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალის კალენდარი გამოაქვეყნა. მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბერს დაიწყება და 8 სტადიონზე გაიმართება.
გახსნით მატჩს „ალ ბაითი“ უმასპინძლებს, რომელიც 60 000 გულშემატკივარზეა გათვლილი, შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. სტადიონი ყატარის დედაქალაქ დოჰადან 50 კილომეტრში მდებარეობს.
ჯგუფური ეტაპი 12 დღეში უნდა დასრულდეს და დღეში 4 მატჩია დაგეგმილი. 1/8 ფინალები – 3-6 დეკემბერს გაიმართება, 1/4 ფინალები 9-10 დეკემბერს, ხოლო 1/2 ფინალური მატჩები – 13-14 დეკემბერს. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისის დროით 14:00, 17:00, 19:00 და 23:00 საათზეა დანიშნული. პლეი ოფის მატჩები კი თბილისის დროით 19:00 და 23:00 საათზე დაიწყება.
2022 წლის მუნდიალის ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს „ლუსაილ არენაზე“ თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, ფინალზე 80 000 გულშემატკივარს შეეძლება დასწრება.
“იმედი”