ლევან დავითაშვილი – საქართველომ იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება მოახერხა, რა შესაძლებლობებიც 2022 წელს გაჩნდა.
ომი უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები, გაზრდილი მიგრაცია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი – ეს ის ძირითადი შედეგებია, რითაც 2022 წელი სრულდება, თუმცა გლობალური კრიზისის ფონზე საქართველო მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ხვდება, მთავრობა შედეგებით ამაყობს და მეტიც, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით ახალ ინიციატივებს აანონსებს. რა ფაქტორებმა განაპირობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს უჭირთ, რა გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე ის, რაც მსოფლიოში ხდება და რა ხედვა აქვს ეკონომიკურ გუნდს უკვე 2023 წლისთვის – 2022 წლის შედეგებსა და მომავალი წლის გეგმებზე „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.
– ბატონო ლევან, 2022 წელი სრულდება, ამიტომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის შეჯამებით დავიწყოთ – როგორი წელი იყო ის ქვეყნისთვის ზოგადად და კონკრეტულად ეკონომიკისთვის? რა დადებით და უარყოფით ტენდენციებს გამოყოფდით?
– რა თქმა უნდა, 2022 წელი გამოწვევებით იყო სავსე. 2021 წელიც არ იყო მარტივი, პანდემიის პერიოდში ვიმყოფებოდით და 2022 წელს ეს გამოწვევები გაგრძელდა და გაგრძელდა მრავალი კუთხით. ეს არ ეხება მხოლოდ ეკონომიკას და სოციალურ ცხოვრებას, ეს ეხება უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტს. რეგიონში უახლოეს მეზობლებს შორის მიმდინარეობს ომი. საომარმა ვითარებამ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაურკვევლობა შექმნა ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ, საქართველოს მთავრობამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში აჩვენა ის, რომ გამოწვევების გამკლავების უნარი და მდგრადობა ჩვენს ქვეყანას გააჩნია. გააჩნია ეკონომიკური გამოწვევების გამკლავების უნარიც, რაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დადასტურდა. საქართველო ერთ-ერთი ის იშვიათი ეკონომიკა იყო, რომელმაც 2021 წელსვე მოახდინა კოვიდის შედეგების აღმოფხვრა და თუ ჩვენ 2019 წლის მონაცემებს შევადარებთ, ეკონომიკა 2019 წელთან მიმართებითაც გაიზარდა. ეს ტენდენცია 2022 წელსაც გაგრძელდა და ჩვენ მიმდინარე წლის განმავლობაში გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა.
– რა ფაქტორებმა განაპირობა ორნიშნა მაჩვენებელზე გასვლა მაშინ, როცა მსოფლიოს და თუნდაც მხოლოდ რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისია? ასევე, საინტერესოა, რით აპირებს მთავრობა იმის უზრუნველყოფას, რომ ეს ზრდა გრძელვადიან პერიოდშიც იყოს გარანტირებული?
– საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველადაა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს მიყოლებით. ეს არ იყო მარტივი მისაღწევი. განსაკუთრებით ომიდან გამომდინარე, გაურკვევლობის ფაქტორი ძალიან დიდი იყო, თუმცა რა შესაძლებლობებიც გაჩნდა, სახელმწიფომ იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება მოახერხა. ჩვენი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო როგორც შიდა, ასევე გარე ძლიერი მოთხოვნით და ჩვენ მოვახდინეთ იმ ფაქტორების მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ხელთ გვქონდა. პირველ რიგში, შუა დერეფნის მიმართ გაიზარდა ინტერესი, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მოახდინა ტვირთის ნაკადების გადამისამართება. ეკონომიკურ ზრდასა და სხვადასხვა სექტორს როცა ვუყურებთ, ერთ-ერთი განმაპირობებელია სატრანსპორტო დასაწყობების მომსახურება, სადაც მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს დერეფანში ტვირთნაკადი გაიზარდა. ასევე, ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა მოვახერხეთ. იცით, რომ ამ მიმართულებით, ნოემბრის თვის მონაცემებით, ჩვენ 2019 წლის მონაცემებსაც გადავასწარით. ქვეყანამ 3.2. მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს განპირობებულია იმით, რომ სამინისტროს პოლიტიკა გვაქვს სრულად ადეკვატური. ჩვენ დავკარგეთ გარკვეული ტურისტული ბაზრები, მათ შორის ტრადიციული ბაზრები, ისეთი, როგორიცაა უახლოესი მეზობლები, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თუმცა მოვახერხეთ, იგივე სპარსეთისა და ახლო აღმოსავლეთიდან დამატებითი ტურისტული ნაკადების შექმნა, რამაც თანხაში საშუალება მოგვცა, რომ 2019 წელთან მიმართებით ტურისტული სექტორი სრულად აღგვედგინა. ასევე, გაზრდილია ექსპორტი და ექსპორტის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. 31%-ით გაიზარდა მიმდინარე წელს ექსპორტი და 5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. შესაბამისად, ექსპორტის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც უნდა აღინიშნოს – პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, 1.7 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფიქსირდება და ესეც რეკორდულად მაღალია, გაორმაგებულია წინა წელთან შედარებით.
– მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობთ, თუმცა ეს მაჩვენებლები რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას არ ეტყობა – მეტიც, ფასები გაიზარდა, ხარჯებმა შემოსავლებს გაასწრო, შედეგად კი, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების დონე გაუარესდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის ქვეყნიდან ემიგრაციაში, რათა საკუთარი ოჯახები გამოკვებოს. რატომ ვერ გრძნობენ მოქალაქეები ეკონომიკური ზრდის სიკეთეებს? რაშია პრობლემა?
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, მოგვყვება ეკონომიკაში სტრუქტურული პრობლემები, მათ შორის უმუშევრობა, დასაქმების გამოწვევა და ასევე, ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენს ცხოვრებასა და სოციალურ ფაქტორებს უკავშირდება, მათ შორის სიღარიბე – ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. რა თქმა უნდა, არც ერთი და არც ორი წლის ეკონომიკური ზრდა სრულად ამ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის მიღწევებზე, არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს კეთილდღეობაში ცხოვრობს, თუმცა მხოლოდ ეკონომიკის კარგი შედეგებით შეიძლება დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელიც, წლების განმავლობაში ქვეყანაში დაგროვდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც მათ შორის გლობალურმა პრობლემებმა შექმნა, არის მაღალი ინფლაცია. მთელს მსოფლიოში მაღალი ინფლაცია პოსტპანდემიური ეფექტიცაა ეკონომიკაში. თუ შევხედავთ მეზობელ ქვეყნებში ან წარმატებულ და ძლიერ ეკონომიკებში როგორია ინფლაციის დონე, დავინახავთ, რომ ამ ტენდენციაში საქართველოს შედეგები უკეთესიცაა. ჩვენ დავინახეთ, რომ მაისის თვეში იყო ინფლაციის პიკი და ტენდენცია არის დადებითი. ჩვენი პროგნოზით, 2023 წლის უკვე მეორე ნახევარში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს იმიტომ, რომ შემცირების ტენდენციას ჩვენ ვხედავთ. ამას, რა თქმა უნდა, განაპირობებდა მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ჰქონდა ეროვნულ ბანკს და ასევე, ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ჰქონდა მთავრობას. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, ვატყობთ, რომ ფასები შემცირებულია ენერგომატარებლებზე, წამლებზე, მედიკამენტებზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი ამ ინფლაციურ წნეხზე მოქმედებს და ჩვენი მოლოდინით, წლის ბოლო თვეში ინფლაცია იქნება ერთნიშნა და არა ორნიშნა. როცა ვსაუბრობთ ინფლაციაზე, ასეთ პირობებში ჩვენი გამოწვევა უნდა დაიძლიოს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული მიზნობრივი სოციალური დახმარებით და კომპენსირების პროგრამებით, იგივე სუბსიდირებით, რასაც პასუხისმგებლიანი მთავრობები აკეთებენ, რასაც ვაკეთებთ ჩვენ. იცით, რომ ენერგომატარებლებზე, მათ შორის კომუნალური ხარჯები არ გაზრდილა. საქართველო იშვიათი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ეს არ გაზრდილა. ეს ყველაფერი მოხდა ირიბი სუბსიდირებით. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ჩვენ მოვახერხეთ მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილის დასაქმება, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, 15% -მდე დავიდა უმუშევრობის დონე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასურველ შედეგს და მიზანს მივაღწიეთ. მიზნისთვის რომ მიგვეღწია, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა.
რაც შეეხება ემიგრაციას, რიცხვებით შევხედოთ – 20-წლიან პერიოდში მიგრაცია მუდმივად იზრდებოდა. ეს „საქსტატის“ მონაცემებია. მიგრაციის სალდოს თუ დავაკვირდებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ის სამწუხაროდ, სულ უარყოფითია. მიგრაციის სალდო დადებითი მხოლოდ 2020 წელს გვქონდა, რაც პანდემიამ განაპირობა.
– გადავიდეთ გლობალური მნიშვნელობის საკითხზე, რომელმაც 2022 წელს მსოფლიო მოიცვა – უკრაინაში ომს ვგულისხმობ. ომს მხოლოდ უკრაინის ცხოვრება არ შეუცვლია – მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილს მოუწია ერთგვარი კომფორტის ზონიდან გასვლა და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა, რათა რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში უკრაინას სათანადო დახმარება აღმოუჩინოს. როგორც ვიცე-პრემიერმა შეაფასეთ, საქართველომ რა როლი ითამაშა იმ გლობალურ ფერხულში, რასაც უკრაინის მხარდაჭერა და დახმარება ჰქვია, იმიტომ, რომ უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდან საქართველოს მთავრობის პოზიციონირებასთან მიმართებით ბევრი კითხვა არსებობს …
– ოპოზიციას ცალსახად აქვს თავისი დღის წესრიგი. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის ობიექტური შეფასებები, ეს არის სუბიექტური დღის წესრიგი. რაც შეეხება საკუთრივ საქართველოს პოზიციას, აქ ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას, საქართველოს ხელისუფლებას – ეს არის უკრაინის ურყევი მხარდაჭერა. ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველო არის ერთ- ერთი პირველი მხარდამჭერი ყველა საერთაშორისო რეზოლუციის, ეს საქართველომ უკრაინის მხარდამჭერ 300-ზე მეტ საერთაშორისო რეზოლუციაში მკაფიოდ დააფიქსირა. რაც ხდება უკრაინაში, ეს თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც შემზარავი ტრაგედიაა – ევროპის შუაგულში, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებებია. ომი, 21-ე საუკუნეში ძალიან ტრაგიკულია. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურს ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული კუთხით. საქართველოს არაფერი დაუზოგავს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს პოზიცია არის ძალიან მკაფიო, საქართველოს პოზიცია არის სიმართლის მხარეს, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს პოზიცია არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დამცველი და ის, რომ ჩვენ საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების უმთავრესი ინტერესი.
– დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ამოქმედების შემდეგ, ვხედავთ, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთარი ბიზნესის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანა და რეგისტრაცია. თუ შეგიძლიათ მოგვაწოდეთ სტატისტიკური ინფორმაცია, რამდენი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა საქართველოში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და თუ აქვს საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან მიმართებით შეფასებული როგორც საფრთხეები, ისე სარგებელი?
– როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესების რელოკაციაზე საქართველოში, ეს ცალსახად დადებითი ტენდენციაა, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ გააქტიურებულ ეკონომიკას, დამატებით ღირებულებას, რომელიც ამ ბიზნესების მიერ იქმნება. ჩვენ ეს გვაძლევს დამატებით დასაქმებას და, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის ეს ცალსახად სარგებელია. საქართველოში ხდება აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესების რეგისტრაცია. ეს არის ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მიერ მკაფიოდ შეფასებული, დაფასებული და აღნიშნული. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მადლობა ძირითადი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმისთვის, რომ მკაფიოდ იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომლის ნაწილიც საქართველოა. პირველივე დღიდან ძალიან ღიად გვქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოს მეშვეობით არცერთი სანქციის გვერდის ავლა არ მომხდარა. ეს არის ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული ყველა საერთაშორისო პარტნიორის შეფასებაში. რაც შეეხება ბიზნესებს, რომელიც საქართველოში შემოდის, ეს არის აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში, თავიანთი სერვისებისა და ოფისების გადმოტანა და რელოკაცია მოეხდინათ. ასევე, დარეგისტრირებული ბიზნესებიდან 1%-ზე ოდნავ მეტია, სადაც რუსული კაპიტალი მონაწილეობს. შესაბამისად, ესეც ძალიან მცირე რაოდენობაა საერთო ბიზნესებში და ეს ვერანაირ საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვერ უნდა წარმოადგენდეს. აქაც შეიძლება აღინიშნოს, რომ უმრავლესობა, როდესაც ვსაუბრობთ რუსული კაპიტალით შექმნილ ბიზნესებზე, არის ეთნიკურად ქართველების მიერ დაარსებული ბიზნესები, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში გადმოდიან. რაც შეეხება სტატისტიკას, დაახლოებით 900 ათასი რეგისტრირებული კომპანიიდან 10 ათასამდეა, სადაც რუსეთის მოქალაქეების გარკვეული მონაწილეობაა მთლიანად საქართველოში, არა მხოლოდ ამ პერიოდში. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ან არის უცხოური კომპანიების ოფისები, რომლებიც, პირველ რიგში, ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებულები, რომ რუსეთიდან მოეხდინათ რელოკაცია, ან კომპანიები, რომლებიც შექმნილია, ძირითად, ეთნიკურად ქართველების მიერ, რომლებიც მოგვმართავენ ხოლმე საინვესტიციო ბინადრობაზეც.
– კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გააქტიურა, უკრაინელი, ბელარუსი და განსაკუთრებით, რუსი მიგრანტების სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შემოსვლას უკავშირდება – გვახსოვს ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან რუსეთის იმ მოქალაქეებით სავსე მანქანებისა და ავტობუსების კილომეტრიანი რიგები, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა სურდათ და მათი უმეტესობა შემოვიდა კიდეც. ამ კუთხით არსებული სტატისტიკური მონაცემებიც მივაწოდოთ საზოგადოებას – როგორც ვიცე – პრემიერს, რა ინფორმაცია გაქვთ – რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, რამდენმა დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და რამდენი რჩება ჯერ კიდევ საქართველოში?
– ამ პერიოდში საქართველოში დაახლოებით 200 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა, თუმცა აქედან დარჩა დაახლოებით 60 ათასამდე ადამიანი. ძალიან დიდი ნაწილი მათგან, ვინც საქართველოში შემოვიდა, ძირითადად გადაადგილდა თურქეთში ან სომხეთში. საქართველო, ამ შემთხვევაში, ტრანზიტად იყო გამოყენებული. ასე რომ, ტალღა, რომელიც გვახსოვს და განსაკუთრებით ერთ კონკრეტულ პერიოდში იყო გაზრდილი საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, დასტაბილურდა.
– იმპორტ-ექსპორტზეც გვითხარით, რა მაჩვენებელიც ასევე გაზრდილია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ – სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა რამდენიმე ქვეყნიდან იმპორტი, ისე როგორც სერიოზულადაა გაზრდილი რუსეთსა და სომხეთში რეექსპორტი. რამ განაპირობა იმპორტისა და რეექსპორტის მაჩვენებლის მკვეთრი მატება?
– არამხოლოდ რუსეთსა და სომხეთში, რეექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებითაც გაზრდილია. ექსპორტთან ერთად, რეექსპორტიც მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს ერთ რამეზე მიუთითებს – საქართველოს ეკონომიკური კუთხით ყოველთვის შეეძლო დამაკავშირებელი როლის შესრულება. როცა საქართველოს ეკონომიკურ ფუნქციაზეა ვსაუბრობთ, საქართველოს შეუძლია ჰაბის როლი შეასრულოს რეგიონში, შესაბამისად, ექსპორტის და რეექსპორტის ოპერაციები არის ზუსტად ამ ჰაბის ფუნქციის ნაწილი. ასე ხდება ისეთ ეკონომიკებში, რომლებსაც აქვთ გარკვეული დამაკავშირებელი როლი რეგიონში და საქართველოს აქვს ბუნებრივი უპირატესობა, რომ ეს როლი შეასრულოს. ეს არის დამატებითი შემოსავალი ჩვენს ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ უფრო ძლიერად შეასრულებს ამ ფუნქციას, იქნება ჰაბი. ამისთვის ბევრი რამაა საჭირო. გვჭირდება უფრო მეტად ადეკვატური სტრუქტურა, კომპეტენციები, რაც ეტაპობრივად იზრდება ქვეყანაში, რომ მეტი რეექსპორტი, მეტი პროდუქციის დასაწყობება და გადამისამართება მოახდინოს საქართველომ და არამხოლოდ ადგილობრივი წარმოების ექსპორტზე გვქონდეს ორიენტირება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მათ შორის, რეექსპორტის ოპერაციებისთვისაც. თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ აქ შეიძლება რაიმე ტიპის სანქციების გვერდის ავლას ჰქონდეს ადგილი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენი საბაჟო ოპერაციები არის ტრანსფარენტული, გახსნილი, კონტროლის სისტემები, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია, არის აღიარებული საუკეთესო პრაქტიკად საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. გამორიცხულია რაიმე ტიპის გვერდის ავლაზე ან დასანქცირებული პროდუქტის რეექსპორტზე საუბარი.
– მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ პროექტებზეც მინდა ვისაუბროთ, ამ თვალსაზრისით კი, პირველ რიგში, ანაკლიის პორტის პროექტზე გკითხავთ. მთავრობა ამტკიცებს, რომ ამ პროექტის განხორციელება მისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა წლები გადის და პროექტი ხორცს ვერ ისხამს. ცოტა ხნის წინ პრემიერმა კიდევ ერთხელ დააანონსა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება და ახლა უკვე ითქვა, რომ ის სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. როგორც ცნობილია, ტენდერი მომავალი წლის იანვარში უკვე დასრულებული უნდა იყოს, რადგან 2023 წელსვე დაიწყოს პორტის მშენებლობა. თქვენი გათვლებით, რა დაჯდება ანაკლიის პორტის მშენებლობა, აქედან რა იქნება სახელმწიფოს წილი და საიდან გეგმავთ ამ თანხის მოძიებას?
– ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორ საკონსულტაციო კომპანიებთან, შერჩეული გვყავს ორი საკონსულტაციო კომპანია ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან იმისთვის, რომ ინტერესთა გამოხატვის პირობები დაგვემუშავებინა და ამ ეტაპისთვის, დამუშავებულია. პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოაცხადა, რომ უახლოეს ხანებში, მოხდება პროექტის იმპლემენტაცია და ზუსტად ამისთვის ემზადებოდა სამინისტრო, სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობდა კონსულტანტ კომპანიებთან. ასევე, მუშაობდა გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც საჭირო იყო საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილიყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონმდებლობაში იმისთვის, რომ ის ყოფილიყო ადეკვატური და პროექტის განხორციელებისთვის ყოფილიყო გამოსაყენებელი. ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას. როგორც პრემიერმაც გამოაცხადა, სახელმწიფოს როლი იქნება წამყვანი ამ პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ხელისუფლების აბსოლუტურად მართებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. შემდგომ ეტაპებზე დაზუსტდება პროექტის თანხები. სხვადასხვა ეტაპია ანაკლიის პორტის განვითარების, დაახლოებით სამი გამოყოფილი ეტაპი. პირველი ეტაპისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება დაჯდეს 300 მლნ დოლარი. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. მათ შორის სახელმწიფო საწარმოების კუთხით და სახელმწიფო საწარმოები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი ტიპის პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობთ, რომ მათ ჯანსაღი, კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ იმისთვის, რომ მოიზიდონ ფინანსური რესურსები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან, ისე ჩვენ გვაქვს შიდა რესურსები, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიულ პროექტებში ვფიქრობთ, რომ გამოვიყენებთ გრძელვადიან დანაზოგებს, რომელიც იგივე საპენსიო ფონდიდან შეიძლება მომდინარეობდეს და კომბინაციაში ჩვენ ამ ფინანსების მობილიზებას უპრობლემოდ შევძლებთ. ესეც შეფასებული გვაქვს. თანხა შესაძლოა, რომ საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ, ზუსტად ეს არის მიზანი, ამ როლსაც ასრულებს ეკონომიკაში ეს ფონდი. არსებობს გრძელვადიანი დაფინანსების წყარო, რომელიც უნდა იყოს მიმართული გრძელვადიანი სტრატეგიული პროექტების შესაქმნელად. იცით, რომ ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდს ვაძლევთ საშუალებას, ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელება შეძლოს. ვფიქრობ, რომ 2023 წლის განმავლობაში, სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე უნდა გადავიდეთ. მთელი წლის განმავლობაში, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა.
– მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ – ისინი, ვისაც თავდაპირველი შეთანხმებით ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, პროექტის იმ პირობებით განხორციელებას, როგორც ამას მთავრობა ხედავს, სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ გასცემს სესხს მსგავს პროექტში, თუ მას უმრავლესობით სახელმწიფო აკონტროლებს. რას უპასუხებთ შეფასებებს, რომ ანაკლიის პროექტის შესახებ მთავრობის გეგმას წარმატება არ უწერია?
– ახლა მტკიცებას, ჩემი მხრიდან, აზრი არ აქვს. მტკიცებაზე უკეთესია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ხშირად საუბრობენ ხოლმე და პირიქით ხდება. ამ შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდება. ჩვენ პროექტის მშენებლობას დავიწყებთ, ფინანსებიც გვექნება, პარტნიორებიც გვეყოლება და ოპონენტები ისევ აღმოჩნდებიან, ამ შემთხვევაში, არასწორი თავის შეფასებებში.
– როგორც აღნიშნეთ, შესაძლოა, მალევე დაიწყოს რაღაც ტიპის სამუშაოები. რა არის ძირითადი გათვლა, დაახლოებით როდისთვის გეგმავთ, რომ ამ პროექტის სამივე ეტაპი სახელმწიფომ დაასრულოს და პორტმა პირველი გეგმები მიიღოს?
– პირველ ეტაპს დასჭირდება ალბათ, დაახლოებით ორი- სამი წელი. რაც შეეხება პროექტის მთლიანად განხორციელებას, რა თქმა უნდა, გრძელვადიანია. ათ წელზე მეტს მოიცავს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი იქნება დატვირთვა, უნდა მოხდეს პროექტის მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოების შესაბამისად დაგეგმვა. ესეც არის განსაზღვრული წინასწარ საპროექტო დოკუმენტაციაში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. მნიშვნელოვანია, რომ მალევე დავიწყოთ სამუშაოები. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ოპერატიულად შევძლებთ ინფრასტრუქტურის შექმნას. ბუნებრივია, ეს ერთ დღეში არ შეიქმნება. საბოლოოდ, ეს იქნება დამატებითი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც უბრალოდ უნდა ქმნიდეს უკეთეს კონკურენტულ გარემოს შავ ზღვაზე, განსაკუთრებით, ჩვენს დერეფანში. ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას უნდა უწყობდეს ხელს და მერწმუნეთ, ასეც იქნება.
– მთავრობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჰესების მშენებლობასაც ასახელებს, თუმცა ამ კუთხითაც სიტყვიერ დონეზე გაკეთებული განცხადებების მიღმა, შედეგების სახით, ჯერჯერობით, ბევრი არაფერია. რამდენიმე დღის წინ ისევ დაანონსდა, მაგალითად, ხუდონჰესის აშენება და ითქვა, რომ ეს პროექტიც სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდება, თუმცა დარგის ექსპერტებს სკეპტიკური განწყობები აქვთ, რაც კონკრეტული გარემოებებითაა განპირობებული – ისინი იხსენებენ, რომ “ნენსკრა ჰესი“ კორეელების მიერ უნდა აშენებულიყო, მაგრამ გაჩერდა, თურქი ინვესტორები „ნამახვანის“ მილიონიანი პროექტიდან გავიდნენ თუ გაუშვით, „ხუდონიც“ გაჩერებულია, პანკისში 5 მეგავატი სიმძლავრის ჰესი ვერ აშენდა და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რასაც გასული 10 წლის განმავლობაში ვხედავთ, რა არგუმენტებით დაარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობის დაპირება ახლა მაინც რეალობად იქცევა და აქვე – რატომ დაიკარგა ჰესებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და რატომ არის უკეთესი, რომ ინვესტორის ნაცვლად ფული ბიუჯეტიდან სახელმწიფომ დახარჯოს? რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ იქნება ეს ჰესი თუ პორტი, სახელმწიფოს თანადაფინანსებით უნდა აშენდეს და არა ინვესტიციებით?
– როცა ვსაუბრობთ ენერგეტიკულ პროექტებზე, ინვესტიციებზე ჩვენ მივესალმებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო უცხოურ ინვესტიციებს. მივესალმებით, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში, ტრანსპორტის და ა.შ. თუმცა არსებობს ფლაგმანი პროექტები, რომელსაც მთელი სისტემის სტაბილიზაციაზე, სტაბილურობაზე შეუძლია გავლენა მოახდინოს, მათ შორის ტარიფებზე და ა.შ. ისეთი როგორიცაა „ენგურჰესი“, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის ხერხემალია. ასეთ პროექტებში სახელმწიფოს მონაწილეობა არის მიზანშეწონილი. ეს არის ძალიან გრძელვადიანი ინვესტიციები, ეს არის საკმაოდ ძვირი პროექტი და შესაბამისად, სახელმწიფოს მონაწილეობა პარტნიორ ინვესტორებს დამატებით საიმედოობას და კომფორტს უქმნის. მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო ფლობს. თუმცა ჩვენ ენერგეტიკულ პროექტებში არ განვსაზღვრავთ აპრიორი, რომ სახელმწიფო უნდა იყოს საკონტროლო პაკეტის მფლობელი. სახელმწიფო შეიძლება მნიშვნელოვნად მონაწილეობდეს იმისთვის, რომ ხელს უწყობდეს პროექტის ადვილად განხორციელებას, მათ შორის კომუნიკაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან. ბევრი სხვა ფაქტორის გამო კომფორტი და დამატებითი მოტივაციები ექნებათ, ასეთ შემთხვევაში, ინვესტორებს. რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროში განახლებადი ენერგიების პროექტებში ინვესტიციებს, აქ ჩვენ მივესალმებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს.
– ანუ თქვენ ამბობთ, რომ მშვიდად არიან ინვესტორები მაშინ, თუ იქ მეწილე სახელმწიფოა?
– ამას პირდაპირ გეტყვით, ინვესტორებთან უშუალო ურთიერთობიდან გამომდინარე. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ასეთი ტიპის სპეციფიკურ დარგებზე როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მსხვილი ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მონაწილეობა ინვესტორების მოტივირებისთვის არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამას საუბრობს ყველა ინსტიტუციური ინვესტორი საერთაშორისო კომპანია.
სახელმწიფოს როლი ზუსტად ეს უნდა იყოს. ის გარკვეულ დამაზღვეველ როლს უნდა თამაშობდეს.
– მთავრობამ კონკრეტული გეგმები დააანონსა ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნითაც. პრემიერის ინფორმაციით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა. შედეგად კი მიიღეს გადაწყვეტილება უფუნქციოდ დარჩენილი ბალნეოლოგიური კურორტების გაყიდვის შესახებ. ჯამში, ქვეყანაში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილია. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, უფრო კონკრეტულად, რომელი და რამდენი ბალნეოლოგიური კურორტი გამოვა გასაყიდად, როდის და რა აუცილებელი მოთხოვნა ექნება პოტენციურ ინვესტორს?
– 2022 წლის განმავლობაში, პრემიერის დავალებით ჩვენ 100-ზე მეტი საკურორტო ადგილის შესწავლა მოვახდინეთ, თუმცა აღწერილი არის 300-მდე. 2023 წლის განმავლობაში, იმედი მაქვს, რომ სამასივე ადგილს შევისწავლით. ახლა დავიწყეთ ამ კურორტებზე დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, პროფესიონალური კომპანიების ჩართულობით. 2023 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ 50-მდე საკურორტო ადგილზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოხდება. მარტის თვიდან დავიწყებთ პრივატიზების პროცესს. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების პარალელურად, ჩვენ ვაკეთებთ სივრცით დაგეგმარებას, იმიტომ, რომ არ გვინდა ქაოტური განვითარება როგორიც მივიღეთ, სამწუხაროდ, პოპულარულ საკურორტო ადგილებში. ხდება ამ ადგილების დაგეგმვა და ამ გეგმის მიხედვით მოუწევს ინვესტორს კურორტის განვითარება.
– ამავე კონტექსტში გკითხავთ – მთავრობა ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამასაც იწყებს, რისთვისაც 200 მლნ ლარი გამოიყოფა. რამდენ და რომელ ახალ ტურისტულ ზონებზეა საუბარი და კონკრეტულად სად? – თუ გაქვთ ეკონომიკურ გუნდს უკვე მონახაზი ამასთან დაკავშირებით? და აქვე, მთავრობა საქართველოში ყველაზე პოპულარული ადგილების რეაბილიტაცია-განახლებასაც გეგმავს. ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, მესტია, წყალტუბო, ბათუმი, ქუთაისი, მცხეთა, მათ ნაწილს რეაბილიტაცია-განახლება გასულ წლებში უკვე ჩატარებული აქვს. ამჯერად, რას გულისხმობს პოპულარული ადგილების რეაბილიტაცია და რას უნდა მოიცავდეს ეს ეტაპი მთავრობის დაგეგმვით?
– ნაწილობრივ ამ მუნიციპალიტეტებში გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებულია. ეს არის ყველაზე მეტად პოპულარული დანიშნულების ადგილები. ჩვენ ვთქვით, რომ ამ ადგილებს მეტი პოტენციალი გააჩნიათ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება, უფრო დიდი არეალები დაიფარება და უფრო სრულყოფილი იქნება სარეაბილიტაციო პროექტები. ზოგან საერთოდ არ განხორციელებულა. მესტიაში რაც გაკეთდა, ვიცით, რომ დასასრულებელია. ვიცით, რომ რამდენიმე კონკრეტული დასახლებაა, სადაც ჩატარდა რეაბილიტაცია, მაგრამ არაა დაფარული მთლიანად მესტია. ეს 2023 წელს დასრულდება. მომავალ წლებშიც გაგრძელდება და თანხები ამ მიმართულებით გამოიყოფა. რეაბილიტაციები წელს იმავე ლოკაციებზე გაგრძელდება, დასრულდება და მომდევნო წლებში სხვა ლოკაციებიც დაემატება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურისტულ სექტორზე, ერთი მხრივ, გვინდა ახალი საკურორტო ადგილები და ამაზე მუშაობა პარალელურად მიდის, მეორე მხრივ კი, ჩვენი ქვეყნის იერსახე მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელია ამ ტურისტულ ადგილებში. ამაში ყველა ვთანხმდებით. ეს არის წლების დაგროვილი პრობლემების მოგვარება. ჩვენ გვინდა ქვეყნის, მათ შორის, ვიზუალური ტრანსფორმაციაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის.
– რომელი ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნას ფიქრობს მთავრობა?
– ჩვენ წინასწარი კვლევები გვაქვს გაკეთებული. ეს არის რაჭასა და ქვემო სვანეთში ახალი ლოკაცია ჭუთხარო, ეს არის პოტენციური კურორტი, რომელიც შეიძლება იყოს წამყვანი კურორტი სამთო-სათხილამურო მიმართულებით. მას რამდენიმე ასეული მილიონი ლარისა თუ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება. კურორტების ჩამონათვალში გვაქვს ჭუთხარო, რომელიც იქნება შეთავაზებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფისთვის. ასევე, ურაველია ამ სიაში, რომელიც ბალნეოლოგიური კურორტი იყო და აღდგენა შეიძლება. ჩვენი სია ძალიან დიდია. ზეკარი ასეთივე კურორტია, რომელიც ახალია და დიდი პოტენციალი გააჩნია კახეთის რეგიონში. სამშვილდე, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვისაა. სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება იქ მისასვლელი გზა და ინფრასტრუქტურა მოაწყოს და შესაბამისი გარემო შექმნას, რომ ინვესტორებისთვის იყოს მიმზიდველი. ამ სიაში ბევრია არსებული, ცნობილი და დავიწყებული, ყოფილი კურორტი, ზოგი არის ნაკლებად ცნობილი და მნიშვნელოვანი პოტენციალის მატარებელი.
– წყალტუბოზე მინდა აქცენტირებულად გკითხოთ – ამ კურორტთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გაქვთ, თუმცა წყალტუბოს „ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, აუქციონზე გამოტანილი 14 სანატორიუმიდან, ზაფხულში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ 2 გაიყიდა. რა არის მიზეზი – არ არის ბიზნესის მხრიდან დაინტერესება და მაშინ რით შეიძლება ეს აიხსნას? თუკი ისეთი საკურორტო ზონითაც კი არ ინტერესდებიან ინვესტორები, როგორიც წყალტუბოა, მაშინ როგორ აპირებთ სხვა, ნაკლებად მრავალფეროვანი და ნაკლებად პოპულარული კურორტებით მათი ყურადღების მიქცევას?
– ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა კონკრეტულ ინვესტორებთან, ბიზნესებთან და ვნახეთ, რომ ინვესტორები ნამდვილად ინტერესდებოდნენ. მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ დაენახათ კონკრეტული აქტივობა, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან. თქვენ იცით, რომ დღეის მდგომარეობით, უკვე 7 კურორტის რეალიზაცია განვახორციელეთ. მსხვილი უცხოური საინვესტიციო ჯგუფი გაავითარებს 5 სანატორიუმს. დარჩენილ შვიდ სანატორიუმზეც მიდის მოლაპარაკება. ის, რომ არ ინტერესდებიან, არ არის მართებული. 2023 წელს ჩვენ ყველა ობიექტის რეალიზება გვექნება დასრულებული. ვფიქრობ, რომ ეს ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზრდება მას შედეგ, რაც სახელმწიფო დაანონსებულ სამუშაოებს განახორციელებს. 200 მილიონი, რაზეც ჩვენც ვისაუბრეთ, ზუსტად სახელმწიფოს იმ დარჩენილი ნაწილის სარეაბილიტაციოდ იქნება განსაზღვრული. წარმოიდგინეთ, კურორტს თუ არ აქვს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვიზუალი, იერსახე, არსებული შენობების რეაბილიტაცია არ ხდება, ინვესტორისთვის, ბუნებრივია, რთულად გადასადგმელია ნაბიჯები, რომ ჩადოს თანხები. როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ სინქრონში, სახელმწიფო დახარჯავს თანხებს და მოაწესრიგებს იერსახეს, ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის მიზიდულობასა და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ინტერესი ინვესტორების მხრიდან.
– რაც შეეხება ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ოთხმხრივ დოკუმენტს, რომელსაც აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებთან ერთად ხელი უკვე მოეწერა – „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ განხორციელების შემთხვევაში, საქართველო ენერგეტიკულ ჰაბად იქცევა. ევროკავშირი გეგმავს სტრატეგიული წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს – ამ შემთხვევაში რუმინეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. გადამცემ ხაზს მხარეები მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ და არსებული ინფორმაციით, მის მოსაწყობად დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება. რას შეიძლება ნიშნავდეს ამ ოთხი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, ვინ რას იგებს პროექტის განხორციელების შემთხვევაში და რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მიიღოს თავად საქართველომ? ამავე კონტექსტში – აღნიშნული პროექტი უსვამს თუ არა წერტილს ერთგვარ კონსპირაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს შესაძლოა, საქართველოში ომში ჩართვის ინტერესი და მიზანი ჰქონდეს? – ალბათ, წარმოუდგენელია, იმ ქვეყანაში, რომლის ომში ჩათრევაც სურთ, რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის ჩასადებად ემზადებოდნენ, რათა ენერგეტიკული ჰაბი შექმნან…
– დღეს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგება, ეს არის მათ შორის გაზით, ნავთობპროდუქტებით და ა.შ. ეს პროექტი, პირველ რიგში, ჩვენთვის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ენერგეტიკის, ენერგოსისტემის დაკავშირება მოხდება ევროპის ბაზართან. ევროპის ბაზართან დაახლოების მიზნით საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ჩვენ ვართ ენერგოგაერთიანების შეთანხმების წევრი. ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის შედეგადაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გახდება უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის. მათთვის საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირება პროგნოზირებადი გახდება. პირდაპირ შეძლებენ წარმოებული ენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანას. ამასთან, საქართველოს განახლებადი ენერგიისა და მწვანე ენერგიის წარმოების კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია, რის გამოც, ჩვენ ამ პროექტის ინიცირება მოვახდინეთ. რაც შეეხება იმას, რომ საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შესრულებს, ეს უკვე არის დამატებითი სიკეთე. საქართველო არის მთავარი ქვეყანა რუმინეთთან ერთად. ამ პროექტის ინიცირება დავიწყეთ ორი წლის წინ. დღეს ეს პროექტი გააქტიურდა, იმიტომ, რომ ევროპას დაუდგა ენერგოსაჭიროება. აქ არანაირ კონსპირაციებზე არ გვინდა საუბარი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმხელა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო ნაბიჯებს არ ვდგამთ და არ გადავდგამთ.
– დაბოლოს, პოლიტიკური პროცესების კონტექსტშიც გკითხავთ – ერთ-ერთი მთავარი შიდაპოლიტიკური საკითხი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესები პოლიტიკური დღის წესრიგიდან, შეიძლება ითქვას, რომ არ ჩამოდის უკვე წელიწადზე მეტია. სააკაშვილთან დაკავშირებით ისმის შეფასებები, რომ „საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლავენ“, „ის პოლიტპატიმარია“, ამ შეფასებებს კი ისმენენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც. თქვენი აზრით, როგორ აისახება შექმნილი შიდაპოლიტიკური სიტუაცია საერთაშორისო ინვესტორების განწყობებზე? პირდაპირ გკითხავთ – აფრთხობს თუ არა ინვესტორებს ისეთი პოლიტიკური გარემო, როგორიც ჩვენს ქვეყანაში ახლაა შექმნილი?
– ინვესტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სწორი, სამართლიანი და პროგნოზირებადი საინვესტიციო გარემო, რასაც განაპირობებს კანონის უზენაესობა, კანონის პატივისცემა და საქართველოში ასეც არის. შესაბამისად, საქართველოს საინვესტიციო გარემო და შესაძლებლობები ასახულია საინვესტიციო რეიტინგებში. თქვენ იცით, რომ საქართველო მოწინავეა უამრავ საერთაშორისო რეიტინგში. რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას. ეს არის ყველაზე ობიექტური ფაქტორები, რითაც ხელმძღვანელობენ საერთაშორისო ინვესტორები. ყველაზე მარტივი დადასტურება და პასუხი თქვენს კითხვაზე არის კონკრეტული შედეგები და შედეგები არის გაზრდილი. უცხოური ინვესტიციები რეკორდულად მაღალია. როგორც მოგახსენეთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემებით, 1.7 მლრდ დოლარია და ჩვენი მოლოდინით ორ მილიარდ დოლარს უნდა გადასცდეს. ამდენი ქვეყანას არასდროს მიუღია და ასეთი ნდობა ქვეყანას არასდროს ჰქონია. ამასთან, ინვესტიციების თითქმის ნახევარი 47.8% მოდის ევროკავშირზე. აქედან გამომდინარე, ობიექტურად შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი საინვესტიციო გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობების ყველაზე ობიექტური მაჩვენებელი არის ინვესტორების ქცევა.
ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი
წყარო: „ინტერპრესნიუსი“