პოლონელ მინისტრს, რომელმაც ახალი წლის ღამეს გამართული LGBT თემის მხარდასაჭერი ღონისძიება გააკრიტიკა, ვარშავის უნივერსიტეტიდან განთავისუფლება ემუქრება.
ვარშავის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, განახორციელოს თუ არა დისციპლინარული სამართალწარმოება იუსტიციის მინისტრის მოადგილე მარკინ ვარჩოლის წინააღმდეგ, მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც მან პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის არხზე LGBT თემის პოპულარიზაციის საკითხი გააკრიტიკა. ვარჩოლი, რომელიც ასევე, არის ადვოკატი და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი, აცხადებს, რომ მისი ამ განცხადების გამო, ის შესაძლოა უნივერსიტეტიდანაც კი დაითხოვონ.
ვარჩოლმა LGBT პირების მხარდასაჭერი წარმოდგენის სახელმწიფო ტელევიზიის არხზე ჩვენება Twitter-ის გვერდზე გააპროტესტა. საახალწლო ღონისძიების მონაწილეები მაყურებლის წინაშე ცისარტყელას ფერებიანი სამკლაურებით წარდგნენ და LGBT თემს თავიანთი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. მინისტრმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ „სახელმწიფო ტელევიზიის არხზე LGBT-პროპაგანდა ეს არის სირცხვილი! ეს არ არის ჩვენი ოცნებების ახალი წელი, არამედ გარყვნილების ახალი წელი“.
უნივერსიტეტის იურიდიული განყოფილების თანამშრომელმა ვარჩოლი დისციპლინარულ დარღვევაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ მინისტრის განცხადება სიძულვილის ენის, ადამიანების გარიყვის და დაყოფის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, რაც უნივერსიტეტის ქცევის კოდექსს ეწინააღმდეგება.
პრესკონფერენციაზე საუბრისას ვარჩოლმა თქვა, რომ საკუთარი მრწამსის გამოხატვის გამო, მას ფაქტიურად უნივერსიტეტიდან განთავისუფლებით ემუქრებიან. მან მისი კრიტიკოსები თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში დაადანაშაულა; მინისტრის თქმით, ისინი ქადაგებენ სიყვარულს, შემწყნარებლობას და თავისუფლებას, თავად კი პოლიტიკური უთანხმოების ჩასახშობად სხვების ჩაგვრას და გარიყვას მიმართავენ. მან ასევე, დასძინა, რომ მას არ ეშინია მათი სიძულვილის, თუმცა, ეშინია იმ მილიონობით პოლონელის, რომლებიც მის შეხედულებებს იზიარებენ.
ვარჩოლის პოლიტიკურმა პარტიამ ასევე, განაცხადა, რომ ის წარადგენს საკანონმდებლო პროექტს, რომელიც ერთსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანას აუკრძალავს. პარტიის ლიდერმა, იუსტიციის მინისტრმა ზბიგნევ ზიობრომ უკვე გამოაცხადა, რომ მას სურს პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის, პარტია „კანონი და სამართალის“ წარმომადგენელს ჰკითხოს, ის რაც საახალწლო ღამეს სახელმწიფო ტელევიზიის არხით გადაიცა, ხელისუფლების იდეოლოგიური პოზიციის ცვლილებას და ევროკავშირის მოთხოვნების წინაშე კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დახევას ნიშნავდა თუ არა.
ზიობრომ და მისმა კოლეგებმა ახალი წლის ღამის ინციდენტი საჯაროდ დაგმეს.
წყარო: alt-info.ge