“მაკდონალდსში” მომხმარებელმა მოლარეს სასტიკად სცემა

ჰონ-კონგში “მაკდონალდსის” მომხმარებელი მოლარეს პირბადის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

სწრაფი კვების ობიექტში გადაღებულ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანდა, რომ მომხმარებელს პირბადე არ ეკეთა. მოლარემ შეახსენა, რომ პირბადის გარეშე შენობაში ყოფნა აკრძალულია, რასაც მოყვა დაპირისპირება. კადრში ჩანს, რომ მომხმარებელმა მოლარე იატაკზე დააგდო და ფეხებს ურტყამდა.

გავრცელებული ინფორმაციით, “მაკდონალდსის” თანამშრომელმა სახის არეში მრავლობითი დაზიანება მიიღო, რის გამოც ის საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს.

“მაკდონალდსის” მენეჯერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ კომპანია შენობაში პირბადის გარეშე მყოფ პირებს არ ემსახურება.

”ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მთავრობის მიერ დაწესებული ზომების განხორციელებას, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება” – განაცხადა “მაკდონალდსის” ჰონ-კონგელმა მენეჯერმა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებულია.

შეგახსენებთ, რომ როგორც უკვე თითქმის მთელს მსოფლიოში, ასევე ჰონ-კონგშიც პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში ყოფნა ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯება.

წყარო: report.ge