გია ვოლსკი – ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის რეალობა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას არ შეიწყალებს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპატიებენ ის ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შედეგად დაზარალდნენ.

„ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დამოკიდებულებას ადამიანისადმი, რომელმაც ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც ისტორიის განმავლობაში გაჰყვება მას, როგორც ძალიან მძიმე ცოდვა. ამასთანავე, ადამიანები, რომლებიც ამ სისასტიკის გამო იყვნენ სერიოზულად დაჩაგრულები, დაკარგეს ახლობლები, ჯანმრთელობა და ქონება, ვერასდროს აპატიებენ თავის არჩეულ პრეზიდენტს, გადადგას ასეთი ნაბიჯი. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს თავად კარგად ესმის ეს რეალობა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.