როდესაც ჩვენ ვიღვწით ჩვენი სულის გადარჩენისთვის, ეს არის უფლისთვის ყველაზე სასურველი და სათნო მადლიერება ჩვენგან… ინებოს უფალმა… ვიცხოვროთ ისე, რომ მოვიხვეჭოთ ეს საუნჯე და შემდეგ მივართვათ ღმერთს, ღმერთს, რომელიც მოვიდა ადამიანებთან და მოგვცა ყველაზე დიადი, ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ჩვენი სულის ცხონებისთვის… ის, რაზეც გალობდნენ შობის წმინდა ღამეს ზეცაში წმინდა ანგელოზები: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას და მოლოცვას.
დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ უდიდეს სიკეთესა და ქველმოქმედებას, რომელიც აღასრულა უფალმა ჩვენთვის – უფლის და მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობას, როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში: „რამეთუ ჩვენთვის ყრმა იშვა პირველსაუკუნეთა ღმერთი“.
და აი, ამ დიდებულ დღეს როგორ მივაგოთ სათანაოდ პატივი, რით გადავუხადოთ ჩვენ მადლობა უფალს ამ დიდი სიყვარულისა და წყალობისათვის? „რა მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?“ – კითხულობს წმინდა წინასწარმეტყველი დავით მეფსალმუნე, – რა მივართვა უფალს მადლიერების ნიშნად?
უფალს ჩვენ უნდა მივართვა ის, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს ჩვენში; ეს არის ჩვენი სულის გადარჩენა. ამისთვის იშვა იგი ბაგაში, ამისთვის იცხოვრა მან, ამის შესახებ გვმოძღვრავდა, ამისთვის ივნო და დაეფლა – ჩვენი გადარჩენისთვის, ამისთვის აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა და დაჯდა მარჯვენით ღვთისა მამისა. ეს ყოველივე მოიმოქმედა ჩვენი სულის ცხონებისათვის.
მაშასადამე, როდესაც ჩვენ ვიღვწით ჩვენი სულის გადარჩენისთვის, ეს არის მისთვის ყველაზე სასურველი და სათნო მადლიერება ჩვენგან, იმიტომ, რომ მას არ სჭირდება არც ჩვენი მსხვერპლი, შესაწირავი, თუკი ჩვენ არ ვერიდებით ცოდვებს, იგი არ შეისმენს ჩვენს ლოცვებს, როდესაც ვივიწყებთ ჩვენი სულის გადარჩენას. ამრიგად, ეს არის მთავარი შესაწირავი მისთვის.
ამიტომ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, გამოვსწორდეთ, ვეცადოთ, მოვერიდოთ ცოდვას ფიქრით, საქმით, მოქმედებით და ასე ვიღვაწოთ სულიერად.
სწორედ აი, ამ ღვაწლს განასახიერებს ის ძღვენი, რომელიც ახალშობილ იესოს მიართვეს მოგვებმა. თქვენ გახსოვთ, რა მიიტანეს მათ – ოქრო, გუნდრუკი, ანუ საკმეველი, და მური, ანუ კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი. თითქოს, ერთი შეხედვით, უცნაური ძღვენია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის საუკეთესო, რაც კი ადამიანს აქვს და ის სიმბოლური მნიშვნელობისაა, როგორც განმარტავენ წმინდა მამები.
ყოველი ადამიანის სულში არის ერთგვარი ბნელი მხარეც, ჩვენი დაცემული ბუნება, მაგრამ, ამავე დროს, იქვე არის ოქროც. ეს ოქრო რომ მოვიპოვოთ, ამას სჭირდება დიდი შრომა, დიდი ღვაწლი, მაგრამ ადამიანი რომ მოიპოვებს ამ ოქროს, იგი სულიერად მდიდრდება და მისი ეს სიმდიდრე ბრწყინავს, როგორც ოქრო. რა შეიძლება ამაზე უკეთესი იყოს?!
მოგვებმა მოიტანეს ასევე გუნდრუკი, ანუ საკმეველი. ესეც სიმბოლურია, იმიტომ რომ, თქვენ იცით, საკმეველი როცა ინთება, ეს სურნელოვანი ნაკადი აღიწევა ზეცისკენ. ეს საკმეველი ყოველი ადამიანის სულშიც არის. ეს სიმბოლურად ნიშნავს ჩვენს ლოცვას, რომელიც საკმეველივით უნდა აღიწეოდეს ღვთისაკენ და გვაერთებდეს ზეცასთან. წმინდა მამების განმარტებით, საკმეველი არის ასევე გონითი ღვაწლი და ჭვრეტა. ამაზე უკეთესიც რა შეიძლება იყოს?!
დაბოლოს, მოგვებმა ახალშობილ იესოს მიართვეს კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი. თქვენ იცით, რისი სიმბოლოა ეს. ჩვენ მიცვალებულებს ვცხებთ კეთილსურნელოვან ზეთს ნიშნად ჩვენი სიყვარულისა და იმის რწმენისა, რომ ის სხეულიც აღდგება მკვდრეთით. და ეს ჩვენი სიყვარული სიკვდილზე ძლიერია. არის კიდევ სხვა განმარტებაც, მაგალითად, წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ეს კეთილსურნელოვანი ზეთი სიმბოლურად ნიშნავს ხორციელი ვნებების დაძლევას, რომლითაც ჩვენ მოგვენიჭება სულიერი სიმრთელე და გვებოძება სასუფეველი. ამაზე უკეთესიც რა შეიძლება იყოს?!
ამრიგად, ეს არის ყველაზე კარგი, უმჯობესი, რაც ადამიანს აქვს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო ძმებო და დებო.
ინებოს უფალმა, რომ ჩვენ გვახსოვდეს აი, ეს ძღვენი, რომელიც მოგვებმა მიართვეს უფალს, ამ ძღვენის სიმბოლური მნიშვნელობა და ვიცხოვროთ ისე, რომ მოვიხვეჭოთ ეს საუნჯე და შემდეგ მივართვათ ღმერთს, ღმერთს, რომელიც მოვიდა ადამიანებთან და მოგვცა ყველაზე დიადი, ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ჩვენი სულის ცხონებისთვის.
ეს არის სწორედ ის, რაზეც გალობდნენ შობის წმინდა ღამეს ზეცაში წმინდა ანგელოზები: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, ამინ!
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, 4 იანვარს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეუსრულდა დაბადებიდან 90 წელი.
ჩვენ განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ შობის დიდებული დღესასწაული მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ვინაიდან მან მთელი სიცოცხლე იღვაწა და იღვწის იმისთვის, რომ ჩვენი სულის ბაგაში შემოვიდეს და იშვას ქრისტე. მადლობა მას ამ დიდი ღვაწლისთვის. და დღეს მისგან საჩუქრად დაგირიგდებათ მის მიერვე ნაკურთხი ჯვრები“, – განაცხადა მეუფე შიომ.