საბჭოელისთვის,  მათ შორის საქართველოსთვის, საბჭოთა კავშირი იყო სამშობლო. სამშობლოს დაკარგვა უახლოესი ადამიანის დაკარგვის ტოლფასია!

(დასასრული. დასაწყისი – იხ.). რუსი ლიბერალების მიმართ კოჭის გორებამ, სავალალო შედეგი გამოიღო უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე. ლიბერალებმა, არა  მარტო ქვეყნის პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრეს, არამედ დატოვეს ქვეყანა და ლანძღვა-გინების კორიანტელში აქცევენ მას — უცხო ქვეყნებში მოკალათებულნი.

უკრაინის ომმა გამოავლინა ის, რისი გამოვლენა, ამოცნობა არ უნდა გასჭირვებოდა რუსეთის ხელისუფალთ, განსაკუთრებით პრეზიდენტ პუტინს — სსრკ-ს და რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილ მუშაკს. მისი ლოიალური დამოკიდებულება კოლექტიური დასავლეთისადმი ჯეროვნად არ შეფასდა დასავლელ პოლიტიკოსთა მიერ და არათუ არ შეფასდა, ხელსაყრელი ვითარების შექმნისთანავე, აგრესიაც გამოვლინდა — რევანშიზმით გაჯერებული.

როგორც ჩანს, მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულმა ევროპის ქვეყნების იმჟამინდელი პოლიტიკოსების შვილებმა და შვილიშვილებმა, 80 წლის წინანდელი მარცხის ჩამორეცხვა გაიხადეს უპირველეს მიზნად — სსრკ-ის მემკვიდრის, რუსეთის განადგურების სახით — უკრაინის ფრონტზე.

ნეოფაშისტური უკრაინის იარაღით მომარაგება, მისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფა, „აგრესორი“ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, სხვა არაფერია, თუ არა საყოველთაო ანტირუსული პოლიტიკის გაშლა.

საბჭოთა კავშირი, ჩამოყალიბებისთანავე, მიუღებელი იყო ბურჟუაზიული, კაპიტალისტური მსოფლიოსთვის. 100 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის შექმნიდან დღემდე, უფრო სწორად 2022 წლის 30 დეკემბრამდე. 100 წლის წინათ რუსეთის საბჭოთა ფედერაციულმა რესპუბლიკამ, უკრაინამ, ბელორუსიამ და ამიერკავკასიის ფედერაციამ (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) სამოქალაქო ომის დამთავრების და უცხო ქვეყნების ჯარების გასვლის შემდეგ, ხელი მოაწერეს სამოკავშირო ხელშეკრულებას, რომლის 26-ე პუნქტი აცხადებდა მოკავშირე რესპუბლიკების კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლებას.

26-ე პუნქტის შინაარსის ავტორი ლენინი იყო. ამ პუნქტს ბევრი რუსი პატრიოტი შეცდომად მიიჩნევს და აქვე სვამენ კითხვას — რატომ არ შეასწორეს ეს შეცდომა მისმა თანამებრძოლებმა?

ლენინმა გადაწყვიტა საქართველოს ამიერკავკასიის ფედერაციაში შეყვანის საკითხი, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ ქართველი ნაციონალ-კომუნისტები, ბ. მდივანის ხელმძღვანელობით. ისინი მოითხოვდნენ, რომ საქართველოს ცალკე მოეწერა ხელი სამოკავშირო ხელშეკრულებისთვის, რაც მას მისცემდა საშუალებას ამიერკავკასიის ფედერაციის თანხმობის გარეშე გასულიყო საბჭოთა კავშირიდან.

მოგვიანებით, 1936 წელს, საქართველომ ეს უფლება მოიპოვა. რაც შეეხება სტალინს — 1922 წლის ზამთრამდე მომხრე იყო ავტონომიზაციის,  ანუ საბჭოთა კავშირის, რომლის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ საბჭოთა რესპუბლიკები  — მხოლოდ ავტონომიის სტატუსით. ავტონომიებს კი კავშირიდან გასვლის უფლება არ ჰქონდათ. კონსულტაციების შედეგად სტალინი დათანხმდა ლენინის წინადადებას, რასაც თანამედროვენი ხსნიან სტალინისთვის ლენინის ავტორიტეტისადმი უდიდეს პატივისცემას.

საბჭოთა კავშირის შექმნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით სტალინი გამოვიდა.

საინტერესოა თავისუფალი ჩინეთის პირველი პრეზიდენტის სუნ იატსენის წერილი, გაგზავნილი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებისთვის 1925 წელს, სადაც ის წერს:

„თქვენ ხელმძღვანელობთ თავისუფალი რესპუბლიკათა კავშირს — იმას, რაც ჩაგრულ ხალხებს დაუტოვა უკვდავმა ლენინმა… გემშვიდობებით რა, ძვირფასო მეგობრებო, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ მალე დადგება დღე, როდესაც სსრკ მიესალმება მძლავრ, თავისუფალ ჩინეთს, როგორც მეგობარსა და მოკავშირეს, და ჩაგრულ ხალხთა განთავისუფლებისთვის ბრძოლაში ორი მოკავშირე ხელი-ხელ ჩაკიდული ერთად გააგრძელებს გზას“.

საბჭოთა კავშირი 1922 წლიდან 1953 წლის მარტამდე, სტალინის სიკვდილამდე, მართლაც იყო მსოფლიოს ჩაგრულ ხალხთა უდიდესი იმედი. საბჭოთა კავშირმა უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოს დეკოლონიზაციის საქმეში. საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, რომელმაც ქალის როლი სახელმწიფო მშენებლობაში მწვერვალებზე აიყვანა და მამაკაცისას გაუთანაბრა. ქალთა ემანსიპაციის თემა უპირველესი საკითხი გახდა ცენტრალური აზიის საბჭოთა რესპუბლიკებისთვის.

საბჭოთა კავშირი გამოწვევა იყო კაპიტალიზმისთვის თავისი პროგრესიული ნაბიჯებით: 8-საათიანი სამუშაო დღით, უფასო განათლებით, უფასო ჯანდაცვის სისტემით; ხელფასების სისტემატური მატებით, მანამდე არ არსებული სოციალური სიკეთეებით; გიგანტური ჰიდროელექტროსადგურებით, მდინარეებისთვის კალაპოტის შეცვლით, გრანდიოზული პროექტებით, ინდუსტრიალიზაციით, მეცნიერებით, ხელოვნებით, შეიარაღებით, ატომური და წყალბადის ბომბებით, საბჭოთა ადამიანის შექმნით.

საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებისთვის უცხო იყო ერთმანეთთან ტერიტორიულ ან სხვა საკითხებზე დაპირისპირება, ერთმანეთის სიძულვილი. კომუნისტური იდეოლოგია არ იძლეოდა შიდა ქიშპის შესაძლებლობას.

საბჭოთა ხალხი აშენებდა ახალ ქვეყანას — ადამიანთა სოციალური თანაფარდობის პრინციპზე დაფუძნებულს, მრავალეროვანი ქვეყნის შეკავშირებით. სოციალური სახელმწიფო — მტკიცედ შეკრული, უმთავრესი საყრდენი გახდა მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხებისთვის. ერთად დგომამ და საბჭოურმა პატრიოტიზმმა მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი.

მსოფლიო ისტორიაში არასდროს ჰქონდა ადგილი დროის უმცირეს მონაკვეთში უზარმაზარი სახელმწიფოს შექმნას, რომელმაც ყველაზე დიდი ომი მოიგო და ამ მოგებით აღმოსავლეთ ევროპის, აზიის ქვეყნები მოკავშირეებად გაიხადა.

კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი საბჭოთა კავშირი 1953 წლამდე არასდროს ყოფილა დასახული მიზნების შეუსრულებლობის წყარო. პირიქით, ის ყოველთვის იყო ხუთწლედების ვადაზე ადრე შესრულების გენერატორი.

საბჭოთა კავშირი, კომუნისტური იდეოლოგია, დღეს რომ ზოგიერთს უტოპია ჰგონია — შესრულებული საქმით, პროგრესით, წარმატებებით ამტკიცებდა საწინააღმდეგოს.

საბჭოთა კავშირი იყო ის, რამაც აიძულა კაპიტალიზმი მისი იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ, ჰუმანური ნაბიჯები გადაედგა, რათა საბჭოეთის წარმატებების შემხედვარე ხალხს არ გადაეღო იქაური სახელმწიფოებრივი სისტემა, რევოლუციის გზას არ დადგომოდა.

გარდა პლაგიატობისა, კაპიტალიზმმა გააგრძელა პირდაპირი თუ ირიბი ბრძოლა სოციალისტური ახალი ფორმაციის წინააღმდეგ, რაც წარმატებით 1991 წლის დეკემბერს დაასრულა. მას შემდეგ კოლექტიური დასავლეთი გამარჯვებას ზეიმობს, თითქოს მან გაიმარჯვა და არა კომპარტიაში გაჩენილმა ჭირმა.

ციხესიმაგრე შიგნიდან გატყდა — ასე დასრულდა დედამიწაზე არსებული უდიდესი ქვეყნის ისტორია.

 

P.S. ყველაზე უფრო დაუჯერებელი, ამაზრზენი არის საბჭოეთის დაშლის შემსწრეთა უგუნური განცხადება, ხშირად მტკიცება იმისა, რომ საბჭოთა კავშირი, ფეხზე მდგარი, დაიშალა, ჩამოიშალა. იდგა და უცბათ, მოულოდნელად განუტევა სული.

დაუჯერებელი რამ არის მსგავსი დიაგნოზის დასმა ქვეყნისთვის — ადამიანისთვის მისაღებია, მაგრამ ქვეყნისთვის?! თუ კაცს ტყვიას დაახლი შუბლში — გარდაიცვლება. გარდაცვალება არ იქნება ავადმყოფობით  გამოწყვეული. გარდაცვალება გამიზნული მკვლელობის შედეგი იქნება.

საბჭოთა კავშირის ჩამოშლა მკვლელობით იყო გამოწვეული. წინასწარ მომზადებული მკვლელობით. ის მოკლეს გაფურჩქვნის ჟამს, მაშინ, როდესაც საბჭოელმა, მეტნაკლებად  უზრუნველყოფილი ცხოვრება დაიწყო, წყნარად, აუღელვებლად,   მსოფლიოს საზომით უდავოდ არაღარიბულად.

საბჭოთა კავშირი მოკლეს მისმა შიდა მტრებმა, მოღალატეებმა, გამყიდველებმა — დასავლურ ჭინჭებზე დახარბებულებმა — ჯინსებზე, საღეჭ რეზინებზე,  გერმანულ ლუდზე, …

შიდა მტრების მოთავეები ამჟამად იმ ქვეყანას არიან, მაგრამ მათი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ცენტრალიზებული ეკონომიკის კრიზისის გამო. ხუმრობენ, ეს გარეწრები? — ალბათ!

„ხუმრობენ“ იმიტომ, რომ დაშლა მათ არ დააბრალონ და ჩვენც დაუჯერებელს, სინამდვილედ აღვიქვამთ — გაუანალიზებლად, სხვასთან პარალელების გაუვლებლად.

მძლავრი საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ არ დაიშალა სუსტი, პატარა კუბა — ნახევარ საუკუნეზე მეტი, ამერიკის ეკონომიკურ სანქციებში მყოფი. არ დაიშალა ვიეტნამი, ჩრდილო კორეა. პირიქით, უმკაცრესი ეკონომიკური ბლოკადის პირობებში ბირთვული ბომბების შემქმნელი, ისე, როგორც ბალისტიკური რაკეტების. ჩინეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

 ნუ ავყვებით მოღალატეთა განცხადებებს და თვალი შევავლოთ ოფიციალურ სტატისტიკას — 1985 წელს საბჭოთა კავშირზე მოდიოდა მსოფლიო წარმოების 20%. ეკონომიკური განვითარების პარამეტრებით საბჭოთა კავშირი მეორე იყო მსოფლიოში. უსაფრთხოების თვალსაზრისით — პირველი; მეცნიერების, განათლების, კულტურის, სულიერი განვითარების — პირველი.

სამხედრო თვალსაზრისით საბჭოთა კავშირს, ისე, როგორც მის მოკავშირე შორეულ ქვეყანას საფრთხე არ ემუქრებოდა.

სსრკ-ს ეკონომიკური განვითარების ტემპი 3,9%-ს შეადგენდა, მხოლო 1950-88 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდის ტემპმა 2-ჯერ მეტი სისწრაფე გამოავლინა, ვიდრე აშშ. მაშინ, როდესაც სამუშაო კვირა 48 საათიდან 40 საათამდე შემცირდა.

ამას ჰქვია უძრაობა?!

ეს სიტყვა „პერესტროიკამ“ მიაკერა ბრეჟნევის მმართველობის პერიოდს. იმ „პერესტროიკამ“, რომელმაც შეგნებულად ჩამოშალა საბჭოთა კავშირი.

მსოფლიოსთვის საბჭოთა კავშირის მნიშვნელობა შეუფასებელია. საბჭოელისთვის,  მათ შორის საქართველოსთვის, საბჭოთა კავშირი იყო სამშობლო. სამშობლოს დაკარგვა უახლოესი ადამიანის დაკარგვის ტოლფასია. საბჭოეთის დაკარგვით საბჭოელი დაობლდა, მაგრამ არანაკლები განიცადა მსოფლიომაც. მან დაკარგა ალტერნატივა. საბჭოთა კავშირს ჰქონდა პრობლემები, მაგრამ დღევანდელთან შედარებით, სასაცილო.

საბჭოელები მარტო იმაზე არ ფიქრობდნენ, როგორ აეწიათ საკუთარი ცხოვრების დონე. საბჭოეთი იყო  დედამიწაზე ყველასთვის სამოთხის შექმნის იდეა. უპირველესად იმათთვის, ვინც კაცობრიობის ისტორიაში ნათელი ცხოვრება ვერ იხილა.

სამოთხეში პირველობა სულიერებას ენიჭება და არა მომხვეჭეობას. მსოფლიოს არც ერთი რელიგია არ პირდება სამოთხეში ბოვარიულ ლუდს, „მერსედეს“-ს, სხვა მიწიერ სიამოვნებას.

საბჭოთა კავშირი თავის დაბადების დღიდან ფინანსებს არ იშურებდა ადამიანის სულიერი განვითარებისთვის — ბიბლიოთეკებისთვის, ბავშვთა სხადასხვა სახის წრეებისთვის, მხატრული თვითშემოქმედებისთვის. საბჭოთა კავშირმა შეძლო გამოევლინა სახალხო ძლიერება, ჭეშმარიტი ტალანტი ადამიანისა.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი