საქართველოში Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას ავტორის მითითება სავალდებულო გახდება, – ამის შესახებ ნათქვამია სოციალური ქსელის წერილში, რომლითაც მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიმართვას უპასუხეს.
„2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული ჩვენ საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გავხდით. ეს გამჭვირვალობისა და ავთენტურობის ბევრად უფრო მაღალ დონეს შექმნის და მომხმარებლებს ეცოდინებათ, ვინ და რატომ ცდილობს მათ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას“, – აღნიშნულია Facebook-ის წერილში.
კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლებს მიაწვდიან ინფორმაციას რეკლამების გამჭვირვალობის მოთხოვნების შესახებ, რათა მათ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლონ.
29 ივნისს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ოთხი თვით ადრე, 47-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ Facebook-ს მიმართეს და არჩევნების წინ პოლიტიკური რეკლამების გამჭირვალობის გაზრდისკენ მოუწოდეს.
“იმედი”