დავით სერგეენკომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული ვითარება გააცნო

ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციამ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ვითარების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. მათ საკითხზე დეტალურად ესაუბრა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, დავით სერგეენკო.

შეხვედრაში  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარა კარიმი და ამავე კომიტეტის მომხსენებელი იოჰან ბიუზერი მონაწილეობდნენ.

დავით სერგეენკო სტუმრებს ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკის, უმცირესობების, ბავშვთა უფლებების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე.

„სტუმრების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს ინტერესის სფერო შეეხებოდა ჯანდაცვას, სოციალურ პოლიტიკას, უმცირესობების უფლებებს, ბავშვთა უფლებებს. გამოკვეთილად იქნა განხილული ისეთი ნეგატიური ფენომენი,  როგორიცაა ძალადობა ქალების მიმართ. დელეგაციის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე. ხვალ იგეგმება დელეგაციის ვიზიტი კონფლიქტისპირა რეგიონში და ვფიქრობ, მათი დაინტერესება და მზაობა თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.