შალვა პაპუაშვილი – 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, საქართველო ასევე არის ევროპის ხუთ ქვეყანას შორის ანტიკორუფციული მაჩვენებლებით,

“2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო გლობალურად 41-ე ადგილზეა და პირველად შედის ევროპის საუკეთესო ოცეულში. საქართველოს აქვს იგივე მაჩვენებელი, რაც ჩეხეთის რესპუბლიკას, იტალიას და სლოვენიას, უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ასევე, გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით საქართველო არის ევროპის 5 საუკეთესო ქვეყანას შორის“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

ინფორმაციისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს და ის რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა.