ყვარლის მერი: უხვმა ნალექმა და სეტყვამ დააზიანა ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. მიმდინარეობს ზარალის დათვლა

სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზარალა. თითქმის 100%-ით განადგურდა როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი ნარგავები, მათ შორის ვენახის ნაწილი.

ძლიერმა სეტყვამ საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილებიც დააზიანა. დაიტბორა სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები. უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტრომომარაგების მხრივაც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის ზონაში ვითარებას ადგილზე გაეცნო ყვარლის მერი. გივი ზაუტაშვილის განმარტებით, სპეციალური კომისია ზარალს უკვე ითვლის.

„უხვმა ნალექმა და სეტყვამ დააზიანა ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ჩვენი ადგილობრივი ძალებითა და სამაშველო სამსახურების დახმარებით გაწმენდილია გზები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, – განაცხადა ზაუტაშვილმა.