2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტია

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აქედან ექსპორტი 5 102.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5%), ხოლო იმპორტი 12 683.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, 7 580.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (713.5 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (657.5 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (579.9 მლნ. აშშ დოლარი).

ამავე პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 103.9 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 591.1 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 481.2 მლნ. აშშ დოლარი).

საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 762.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 217.3 მლნ. აშშ დოლარით (4.3%).