კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი თუ გადადგამს ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ

ზოგადად, არავის დაკავება და არავის ციხეში ყოფნა არ უხარია ნორმალურ ადამიანს, მაგრამ იმხელა უბედურება მოუტანა ცხრა წლის განმავლობაში და იმხელა რეპრესიები იყო, იმდენი გაუბედურებული ოჯახი, ამ ყველაფრის შემოქმედი და შემქმნელი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზის გამტარებელი.

„ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს, როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში, გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, გააკეთო და აკადრო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა თავის ხალხს. ხომ არ ჰგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს შეცდომები, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას, არა, პირიქით, დღესაც იმავეს აგრძელებენ, ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ რაც შეუძლიათ ყველაფერს იყენებენ სიძულვილისთვის, შანტაჟისთვის, ბულინგისთვის, ეს არის მათი ჩვეულებრივი ხელწერა, ფსიქოლოგიური ტერორი და ა.შ. თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს გააკეთებს და გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ“, – განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „მინდა, მივულოცო სალომე ზურაბიშვილს, სწორი აქცენტები გააკეთა ოლიგარქიაზე, მას შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი“.