ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა – სააკაშვილი

„ქალბატონ სალომეს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სწორედ მისი შეწყალებისკენ მოუწოდა ზურაბიშვილს ყველა ლიდერმა, რომელთანაც მას ბოლო პერიოდში შეხვედრა ჰქონია.

„მინდა გითხრათ, რომ მე, მაკრონისგან, ზელენსკისგან და სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც ამისკენ მოუწოდებს ქალბატონ სალომეს, არ ვაპირებ რაღაცა მოვთხოვო, მაგრამ მინდა ვუპასუხო რამდენიმე პუნქტს, რომელზეც ის საუბრობს:

მისი თქმით, მე ვამბობ, რომ უკეთესად ვარ ფიზიკურად. მე ვარ უკეთესად სულიერად, მე ვარ მხნედ, რადგან საბოლოოდ ვირწმუნე, რომ ჩვენს ხალხს აქვს ძალა და ეს ძალა მაძლევს მეტ ძალას. ფიზიკურად, სამწუხაროდ ვერ ვადასტურებ, რომ ვარ უკეთესად. 

ქალბატონი სალომე ამბობს, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემს სურვილზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩემს რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა და რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს.