ტოივო კლაარი – ევროკავშირი სრულად იზიარებს ნიკოლ ფაშინიანის იდეებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამაკავშირებელ საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციებთან დაკავშირებით

ევროკავშირი სრულად იზიარებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის იდეებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამაკავშირებელ საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა, სომხურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ტოივო კლაარი - ევროკავშირი სრულად იზიარებს ნიკოლ ფაშინიანის იდეებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამაკავშირებელ საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციებთან დაკავშირებით

კლაარის თქმით, ევროკავშირი იზიარებს ღია სამხრეთ კავკასიის ხედვას, სადაც სარკინიგზო და საავტომობილო კავშირები ღიაა და ქვეყნები არიან დაკავშირებული, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის ბოლოს და ასევე ღია უნდა იყოს საგზაო და სარკინიგზო კავშირები თურქეთთან და ირანთან.

„ასე ვხედავთ მომავალს. ჩვენი ხედვა მშვიდობიან სამხრეთ კავკასიაზე არის იმგვარად, როდესაც ეს სატრანსპორტო კავშირები ისევ ღიაა და არის ვაჭრობა, არის ხალხი, რომელიც მოგზაურობს სხვადასხვა საზღვრებზე“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის პირობებში ნებისმიერი გზა, ნებისმიერი რკინიგზა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გადის, სომხეთის მიერ უნდა იყოს კონტროლირებადი.