მედიის ცნობით, ირანი იემენის ჰუსიტი მებრძოლების მიერ წითელ ზღვაში ისრაელის გემის დაკავებაში მონაწილეობას უარყოფს

ირანი უარყოფს ისრაელის ბრალდებებს, რომ იემენის ჰუსიტი მებრძოლები მოქმედებდნენ თეირანის „ხელმძღვანელობით“, როდესაც მათ წითელ ზღვაში ისრაელის ბიზნესმენის კუთვნილი გემი ჩაიგდეს ხელში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა, რომ ისრაელის ბრალდებები არასწორია და პროექცია მიზნად ისახავს თავის დაღწევას იმ ვითარებიდან, რომლის წინაშეც ისრაელი დგას.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რეგიონში წინააღმდეგობის ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს და იღებენ გადაწყვეტილებებს, მოქმედებენ თავიანთი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე. სიონისტურ რეჟიმს არ შეუძლია, აღიაროს, რომ მან დიდი მარცხი განიცადა პალესტინაში და სურს, ირანის ისლამური რესპუბლიკის დადანაშაულებით იპოვოს მარცხის გამართლება“, – განაცხადა ნასერ ყანაანიმ.

იემენელმა სამხედროებმა გემი სახელწოდებით, „გალაქსი ლიდერი“ 19 ნოემბერს დააკავეს. ისრაელის მთავრობამ გემის გატაცებაში იემენელი ჰუსიტები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპერციას ირანი ხელმძღვანელობდა.