უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინა აშშ-სგან დაპირებულ დახმარებას ვერ მიიღებს, მის ძალებს „პატარა ნაბიჯებით“ უკან დახევა მოუწევს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„თუ არ არის შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს საჰაერო თავდაცვა, არ გვაქვს „პატრიოტის“ რაკეტები, არ გვაქვს 155 მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარი“, – განუცხადა ზელენსკიმ Washington Post-ს და დაამატა, რომ სამხედრო ძალა იძულებული იქნება, უკან „პატარა ნაბიჯებით“ დაიხიოს.
„ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ გზა, რომ უკან არ დავიხიოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალების ნაკლებობა რუსებს საშუალებას მისცემს, დიდ ქალაქებში შეაღწიონ.
ცნობისთვის, აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებად აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა, უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭიროს, მაგრამ პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი, ქვეყნის შიდა პრიორიტეტების მოტივით, თვეების განმავლობაში ამ საკითხს აჩერებდა.