დაპირისპირება პარლამენტში – რას მოჰყვა ხმაური და სიტყვიერი კონფლიქტი

საქართველოს პარლამენტში დღევანდელი სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო.

პარლამენტის სესიაზე „მოქალაქეების” წევრი ალეკო ელისაშვილი სიტყვით გამოვიდა და „ქართული ოცნების” მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება” საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.

„იმ კანონის უკან შემოტრიალება ყველას შეურაცხყოფაა. ის კანონი არის რუსული”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ტერმინი – „რუსული კანონი”.

„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც ახლა ეწევით. ანტიქართულ პროპაგანდას და ამ ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც ტერმინ „რუსულ კანონს” გამოიყენებს ისევ. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ. გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა.