მმართველი გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიციაში ალტერნატიული ცენტრები არ არსებობს, მხოლოდ რადიკალური ჯგუფია.
”სააკაშვილის მოწოდება იმ ჟანრიდანაა, როცა ის კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ტყუილებში. იგივე ჟანრია, როცა სააკაშვილი საუბრობს, რომ ქვეყანა დაიღუპება, თუ მთავარი პირი არ იქნება და მის გარშემო არ იტრიალებს ყველაფერი.
რაც შეეხება ალტერნატიულ ცენტრებს, ოპოზიციაში მსგავსი არ არსებობს. მხოლოდ რადიკალური ჯგუფი არსებობს, ეს იქნება გვარამია, მელია, თუ ხაბეიშვილი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის ჯგუფი. მათ აქვთ ბელადის იდეოლოგია. მათ არავინ მისცემს უფლებას, მისი მითითებების გარეშე რაიმე ნაბიჯი გადადგან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა ლაპარაკობენ პარტიულ განსხვავებებზე, მზად ვართ ნებისმიერი დათმობისთვის, ნეიტრალური ნომერი, საერთო სია, ასეთი სიმშვიდე, როგორც მთავრობას უნდა, სასაფლაოზეა“.