პარიზში, ეიფელის კოშკთან კუბოები დადგეს, წარწერით „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში“

პარიზში, ფრანგი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის მოწინააღმდეგეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. ამის შესახებ Deutsche Welle ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებმა ეიფელის კოშკის წინ დადგეს 5 კუბო და ბანერი, წარწერით „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში“. კუბოებში თაბაშირით სავსე ტომრები იდო.

AFP წერს, რომ აქციის სავარაუდო ორგანიზატორები უკვე დაკავებულები არიან. ისინი ბულგარეთის, გერმანიისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. პარიზის პროკურატურა საქმეში „სავარაუდო უცხოურ ჩარევას“ იძიებს.

30 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა შესაძლოა უახლოეს დროში გაგზავნოს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც უკრაინელ ჯარისკაცებს გაწვრთნიან.