ფინეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია და ფინეთის ყურეში 2 კმ-ით შეფრინდა ფინეთის მიერ კონტროლირებად სივრცეში. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ინციდენტი ქალაქ ლოვიისას მახლობლად მოხდა. რა ტიპის თვითმფრინავი შეფრინდა ფინეთის საჰაერო სივრცეში, არ დაკონკრეტებულა. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰელსინკიში რუსეთის საელჩოს დაუკავშირდა და ახსნა-განმარტება მოითხოვა.

მსგავს ინციდენტებს ძალზე სერიოზულად ვეკიდებით და დაუყოვნებლივ დავიწყეთ გამოძიება“- განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 10 ივნისს ბალტიის ზღვის თავზე ნეიტრალურ ზონაში შორი მოქმედების ავიაციის თვითმფრინავები, სტრატეგიული ბომბდამშენი „ტუ-95“ და ბომბდამშენი „ტუ-22“ „გეგმურად დაფრინავდნენ“.