აშშ უკრაინას დაეხმარება არა ამერიკული ჯარების გაგზავნით, არამედ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებით – ბაიდენი

შეერთებული შტატები უკრაინის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა G7 სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერს CNN-ი.

„რუსეთის ომი მსოფლიოსთვის გამოცდა იყო“, – განაცხადა ბაიდენმა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აშშ-სა და უკრაინას შორის უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმება გააფორმა.

„ვიდგებით უკრაინის გვერდით? ვიდგებით სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ტირანიის წინააღმდეგ? შეერთებული შტატები, G7-ი და მსოფლიოს ქვეყნები მუდმივად პასუხობდნენ ამ კითხვას და თქვეს – დიახ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ ამას კიდევ ერთხელ ვიტყვით… ჩვენ ვაპირებთ, უკრაინის გვერდით დავდგეთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების შეთანხმებებს, რათა ახლა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს და მომავალში პოტენციური თავდასხმები აღკვეთოს.

„აშშ აპირებს, უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ ორივეს გაკეთება შეძლოს, არა უკრაინაში საბრძოლველად ამერიკული ჯარების გაგზავნით, არამედ მისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებით, დაზვერვის გაზიარების გაფართოებითა და უკრაინელი ჯარების წვრთნებით, სხვა ძალისხმევასთან ერთად“, – აღნიშნა ბაიდენმა.