რატომ ოცნებობს “ოცნება” აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე

აშშ-ის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ხელისუფლება ფსონს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე დებს. „ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში შეჩერდება აშშ-ის ხელისუფლების მიერ დაწყებული საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა და ურთიერთობები ძველ რელსებს დაუბრუნდება. რამდენად რეალისტურია ეს პროგნოზი?

PRESIDENT.GOV.GE………………..

თავად „ოცნების” წარმომადგენელთა თქმით, ტრამპის მიმართ მათი სიმპათიები ემყარება მის დაპირებას, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის სწრაფად დაასრულებს ომს უკრაინაში. ამის შედეგად კი, როგორც „ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, მოიხსნება საქართველოს ომში ჩათრევის რისკიც.

“ანალიტიკოსთა” ნაწილიც მიიჩნევს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებისა და ომის დასრულების შემთხვევაში შეიქმნება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სადაც საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორსა და განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყანას, განსაკუთრებული როლი ექნება. ეს კი დადებითად აისახება საქართველოსადმი დასავლეთის დამოკიდებულებაზე.

თუმცა “ანალიტიკოსთა” მეორე ნაწილი ამას სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ აშშ-ის საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პოლიტიკა ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც გაგრძელდება.

„ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან და რეალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. გამორიცხულია, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამ ეს პროცესი უბრალოდ შეანელოს”, – აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან”.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, აშშ-ის ახლანდელი პოლიტიკა საქართველოს მიმართ „სადამჯელო ღონისძიებებია” „ოცნების” შესასუსტებლად. ამ პოლიტიკის შეცვლა კი სხვადასხვა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

„ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება საგარეო პოლიტიკურ ფაქტორებზე და გლობალური გეოპოლიტიკურ კონიქტურაზე. ჩემი გადმოსახედიდან, ამერიკამ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის პოლიტიკა გამოაცხადა იმის გამო, რომ მას ხელისუფლებაში „ოცნების” არსებობა არ აწყობს და ყველანაირად ცდილობს არჩევნებამდე მისი პოზიციები შეასუსტოს, ეს სადამსჯელო ღონისძიებებიც ამას მიეკუთვნება”.

 

ურთიერთობის გადახედვის პირველი შედეგები

„გავლენების კანონის” მიღების შემდეგ, აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვა დაანონსა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარება შეაჩერა. ამის შესახებ 31 ივლისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის განცხადებაში, სადაც ფინანსური დახმარების შეჩერებაზეა საუბარი, ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

„23 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დავაანონსე. ამ გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.

„საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით”, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში

 

რატომ დებს „ოცნება” ფსონს ტრამპზე

„ოცნების” წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა დალაგდება.

„ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს მიმართ ინტერესები შეიცვლება და ეს აწყობს მხოლოდ ხელისუფლებას კი არა – ჩვენც გვაწყობს სუბიექტურად – ობიექტურად აწყობს საქართველოს და მის მოსახლეობას, რომ ქვეყანაში ომში ჩართვის, ომის დაწყების რისკები, ეს ინტერესები აბსოლუტურად შეიცვლება და გადალაგდება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას შეფასებით კი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ომის დასრულებას ნიშნავს, რის შემდეგაც მოიხსნება საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა.

„ტრამპს ვუჭერ მხარს, რადგან მგონია, რომ ის არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდება თუ არა, მეორე დღეს იტყვის – მორჩა. ეს პროცესია და მიდგომები ასე სწრაფად არ იცვლება. ვთქვით, რომ ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ომის დამთავრება ნიშნავს, რომ მეორე ფრონტის გახსნის ვალდებულება, მოთხოვნა და ბულინგი მთავრობის მიმართ მოიხსნება „გლობალური ომის პარტიის” მიერ”, – აცხადებს ზარქუა.

 

„ტრამპი რომც მოვიდეს, ამერიკა ორ-სამ დღეში პოლიტიკას არ ცვლის…”

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ხელისუფლება ილუზიას ქმნის, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერი დალაგდება, რეალურად კი, ეს შეუძლებელია. ამასთან, „რეზონანსთან” საუბრისას ძაბირაძე ევროპარლამენტის არჩევნებთან ავლებს პარალელს, რომლის დროსაც, მისი თქმით, „ოცნებას” იგივე ილუზიები ჰქონდა, რომელიც არ გამართლდა.

„ხელისუფლებას მეტი გზა აღარ დარჩა გარდა იმისა, რომ ტრამპის მოსვლის შემთხვევაში ყველაფერს დაალაგებენ. დღევანდელ ამერიკის ადმინისტრაციასთან მათი დამოკიდებულება იციან და ხვდებიან, რომ ამას უბრალოდ გამართლებას ვერ მოუძებნიან. კი, ლაპარაკობენ „ომის პარტიებზე” და ა.შ., მაგრამ ეს ნაკლებად დამაჯერებელია და ქმნიან ილუზიას იმისას, რომ ტრამპი ხელისუფლებაში მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო ევროკავშირის არჩევნებზე. ამბობდნენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი წავა, კონსერვატორები მოვლენ, მათთან ჩვენ ურთიერთობას დავალაგებთ და ა.შ. მაშინაც ეს პიარის ნაწილი იყო, სხვაგვარად მათ ქმედებას გამართლება არ აქვს, იქაც იგივე ამორჩეველი ჰყავთ და მშვენივრად იციან ქართველი მოსახლეობის განწყობა.

„ამრიგად, როგორც ვთქვი, ისინი ილუზიას ქმნიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ჩვენ ხმა მოგვცეთო, რადგან მერე ისევ „ნაცმოძრაობა” მოვა და ომი დაიწყებაო. ანუ ეს ყველაფერი პროპაგანდის ნაწილია, რეალურად კი ამას არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ტრამპი რომც მოვიდეს, ამერიკა ორ-სამ დღეში პოლიტიკას არ ცვლის, ეს ყოველთვის ასე იყო და ასე გარძელდება. აღარ ვამბობ იმას, რომ ტრამპისთვის პრობლემა იქნება ჩვენი რუსეთთან დამოკიდებულება. აქ ის მეტ-ნაკლებად ლოიალური იქნება, ხოლო ჩინეთთან მისი დამოკიდებულება ვიცით, რომ საკმაოდ მკაცრი იქნება და „ოცნებას” ან ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს როგორ წარმოუდგენია ჩინეთთან და ამერიკასთან ერთდროულად სტრატეგიული პარტნიორობა? ეს ხომ გამორიცხულია… ფაქტია, რომ ეს ვერ და არ იქნება. სხვა რა ქნას ხელისუფლებამ? მეტი გამოსავალი არ აქვს.

„სულ ახლახანს იყო ტრამპის განცხადება პატიმრების გაცლასთან დაკავშირებით. ისევ და ისევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ადანაშაულებს, რომ ის პუტინის მიმართ ლოიალურია და ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

საქართველოს როლი მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში

ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში შესაძლოა აშშ-საქართველოს ურთიერთობა ადრინდელ პოზიციებს დაუბრუნდეს.

„ჩემი აზრით, „ოცნების” ეს მოლოდინები ემყარება იმას, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, დიდი ალბათომით, უკრაინაში ომი დასრულდება. მეორე, ომის დასრულების შედეგად მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ჩამოყალიბდება, თუ დიდი და რეგიონალური სახემწიფოები ამაზე შეთანხმდნენ. ამ უსაფრთოების ახალ არქიტექტურაში საქართველო, როგორც ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ასევე უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყანა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ევროკავშირში ენერგო რესურსების ტრანზიტში და კიდევ სხვა საერთაშორისო პროექტებში, მათთვის გახდება ის სახელმწიფო, რომელთანაც ასეთი ენით აღარ ილაპარაკებენ. მე ყოველ შემთხვევაში ამის მოლოდინი მაქვს, რადგან სხვა კუთხით მე რამე ისეთ მნიშვნელოვან იდიკატორებს ვერ ვხედავ, რომლის მიხედვითაც შეიძლება რაღაც დრამატულად შეიცვალოს აშშ-ს ადმინისტრაციასთან. ანუ ვგულისხმობ ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, იმ შემთხვევაში თუ „ოცნებამ” არჩევნებში გაიმარჯვა. ასე რომ, აქ გარე ფაქტორებზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

„ამრიგად, თუ საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონიქტურა შეიცვალა, შესაბამისად საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის საჭიროება შესაძლოა გადაიხედოს და ურთიერთობები მეტ-ნაკლებად ადრინდელ რელსებს დაუბრუნდეს. მე ასეთი განცდა მაქვს და ეს არ არის ჩემი პირადი დასკვნა, ის კონკრეტული ფაქტების ანალიზს ემყარება”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან”.