9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში, დღეს, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებმა, ლაშა ფარულავამ, ვასო ურუშაძემ და ირაკლი ფავლენიშვილმა, სადგურის მოედანზე საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობა 9 აპრილს, 17:00 საათზე აქციაზე მიიწვიეს.
აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„ჩვენს ხალხს სურს ცვლილებები, ევროპა, სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და სწორედ ამ რეაქციებს ვიღებთ, როდესაც ვარიგებთ 9 აპრილის საინფორმაციო ბუკლეტებს და ხალხისგან მოდის პოზიტიური მოლოდინი ცვლილებების და საქართველოს გამარჯვების“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.
მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.
„მიუხედავად იმისა, თუ ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს, პოლიტიკური გემოვნება აქვს, ვის ვინ მოსწონს ან არ მოსწონს, ყველას, საქართველოს მოქალაქეები თანხმდებიან, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და ვინც თვლის, რომ ამისთვის საჭიროა ბრძოლა ვიკრიბებით 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველზე“. – განაცხადა ვასო ურუშაძემ.