ისრაელი მტკიცე პასუხს გასცემს ნებისმიერ აგრესიას – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა მას შემდეგ, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია განხორციელდა.
როგორც Reuters წერს, ნეთანიაჰუმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისრაელმა დამანგრეველი დარტყმები მიაყენა ირანის ნდობით აღჭურვილ პირებს, მათ შორის, „ჰამასსა“ და „ჰეზბოლას“, თუმცა, ისმაილ ჰანიეზე განხორციელებული თავდასხმა არ უხსენებია და მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
თუმცა, „ჰამასმა“ თავდასხმაში სწორედ ნეთანიაჰუს მთავრობა დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ მომხდარს უპასუხოდ არ დატოვებდა.
ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა,რომ წინ რთული დღეები ელით.
„ისრაელის მოქალაქეებო, რთული დღეები გელოდებათ. ბეირუთზე დარტყმის შემდეგ, ყველა მხრიდან მუქარა ისმის. ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ და ერთად გავუმკლავდებით ნებისმიერ საფრთხეს. ისრაელი, ნებისმიერი მხრიდან განხორციელებულ აგრესიას შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვაში.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო, რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თეირანში განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა.