მარინა ხატიაშვილის ოჯახი კეკელიძის N1-იდან 23 იანვარს გამოასახლეს.
მარინა ხატიაშვილის ოჯახმა შეძლო თბილისში, კეკელიძის N1-ში, მდებარე ბინის კერძო იპოთეკარისგან გამოსყიდვა. იპოთეკარსა და მსესხებელს შორის ერთი თვის წინ დადებული შეთანხმების პირობები მხარეებმა 23 თებერვალს შეასრულეს.
კერძო იპოთეკარ დარეჯან დვალსა და მარინა ხატიაშვილს შორის შეთანხმება გამოსახლებიდან მეორე დღეს, 24 იანვარს, შედგა. დოკუმენტში ეწერა, რომ „თუკი მარინა ხატიაშვილი ერთი თვის ვადაში 90 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა, დარეჯან დვალი მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას დაუბრუნებდა”.
მარინა ხატიაშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა 70 000 აშშ დოლარი, ერთ თვეს კი დარჩენილი 20 000 აშშ დოლარის შესაგროვებლად გამოიყენებდა. ამ მიზნით 17 თებერვალს გაიმართა საქველმოქმედო აუქციონი, რომელზეც ნამუშევრები გასაყიდად გამოიტანეს ხელოვანებმა და გალერისტებმა.
„ეს იყო ძალიან დიდი თანადგომისა და სოლიდარობის შედეგი – ჯერ იმ ხალხის მხრიდან, ვინც იქ გამოსახლების დღეს იომა და თავი გადადო, შემდეგ კი ჩემი მეგობრების მხრიდან, რომლებმაც აუქციონი მოაწყვეს და ნამუშევრები გაყიდეს. აუქციონიდან შემოსული თანხით გავისტუმრეთ მევახშე. მინდა ჩემი საქმე იყოს პრეცედენტი, რომ სანამ ამხელა კონფლიქტი და მძიმე სურათი შეიქმნება, მევახშეებმა იქამდე აიღონ ის თანხები, რასაც სთავაზობენ ან მსესხებელს თანხის შეგროვება აცალონ”, – უთხრა მარინა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
იგი ამბობს, რომ უძრავი ქონება მის ოჯახს იურიდიულადაც გადაუფორმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რეესტრშია ასახული.
„სახლი არის დარბეული და ნაგვით სავსე, ჯერ არ იცხოვრება, ხელი აქვს შესავლები. იქამდე, სანამ ამ პრობლემას მოვაგვარებ, ისევ მეგობრებთან შევაფარებ თავს”, ამბობს ხატიაშვილი.
მარინა ხატიაშვილის ოჯახი, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით 23 იანვარს გამოასახლა ბინიდან, რომელიც თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარეობს.
აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მას შედუღებული დახვდა როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში აღსრულების პოლიციას დაეხმარნენ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.
წყარო: დაიჯესტი