“მმართველი ჯგუფი სრულიად მიუღებელი იქნება დასავლეთისთვის და ამასთანავე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუღებლად იქცეს რუსეთისთვისაც” – გიორგი გობრონიძე

რატომ უარყო საქართველოს მმართველმა ელიტამ ყველანაირი დიპლომატიური ეთიკა და ეტიკეტი, რატომ გადავიდა ამგვარ დაპირისპირებაზე და რატომ საუბრობენ ასეთი შეურაცხმყოფელი ლექსიკით? ამის ახსნა მე არა მაქვს. იქნებ რამე ისეთი იციან, რაც ჩვენ არ გვესმის ან იქნებ რაიმე ისეთის იმედი აქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით. ამ ვითარებაში მე საიმედოს ვერაფერს ვხედავ. არ მესმის, რატომ უნდა აკეთებდნენ ამ ყველაფერს, თუნდაც მაშინ, თუ მართლაც რუსეთის ორბიტაზე ბრუნდებიან.

“მმართველი ჯგუფი სრულიად მიუღებელი იქნება დასავლეთისთვის და ამასთანავე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუღებლად იქცეს რუსეთისთვისაც" - გიორგი გობრონიძე

ჩვენ მივიღეთ ძალიან საგანგაშო სიგნალები როგორც ევროპარლამენტისგან, ისე აშშ-ის სენატისგან. სამარცხვინოა თქმა, რომ თურმე ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და მაკულატურაა. მშვენივრად იციან, რომ ასე არ არის და თუ კვლავაც ასე გააგრძელებს საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას, დიდი საფრთხეა, რომ მართლაც შეგვიჩერონ ვიზალიბერალიზაცია და ზურგიც შეგვაქციონ.

ამ რეზოლუციის გარდა, იყო ამერიკელი სენატორების არაორაზროვანი გაფრთხილებაც. ეს ყველაფერი საჭიროებს ძალიან სერიოზულ დაფიქრებასა და გაანალიზებას, თუ რას უქადის ამგვარი კონფრონტაცია საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს.

ვიმეორებ, კი, თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლება საქართველოს აბრუნებს რუსეთის ორბიტაზე, მმაშინაც ას, როგორც სახელმწიფოს, აქვს საერთაშორისო ვალდებულებები თავის პარტნიორებთან და უნდა შეასრულოს. ან საქმე გვაქვს გაუგებარ ეიფორიასთან, ან შიდა და გარე პოლიტიკას შორის წაშლილ ზღვართან, ან სრულ არაკომპეტენტურობასთან, ან საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დივერსიასთან. რაციონალური საზომითა და თეორიული ჭრილით საქართველოს ხელისუფლების ამ მოქმედებების ახსნა შეუძლებელია.

შესაბამისად, კარგი იქნება, თუ განმარტავენ, საიდან და რის საფუძველზე გადაწყვიტეს საერთაშორისო პარტნიორებთან მსგავსი ტონით საუბარი. ვიმეორებ, ამგვარად დასავლეთთან რუსეთის ფედერაციაც კი არ ლაპარაკობს, რომელიც, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია დასავლურ კოალიციასთან. სამწუხაროდ, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ქვეყნისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრულ იზოლაციამდე, როდესაც მმართველი ჯგუფი სრულიად მიუღებელი იქნება დასავლეთისთვის და ამასთანავე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუღებლად იქცეს რუსეთისთვისაც. საქმე ის არის, რომ ღმერთმა დაიფაროს და, თუ დასავლეთმა მართლაც ზურგი შეგვაქცია, კრემლმა შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებაში კიდევ უფრო ყურმოჭრილი მონების მოყვანა მოინდომოს.

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ამ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი პუტინის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა პესკოვმა, კრემლის პროპაგანდისტმა დუგინმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა… მეტიც, დუმის დეპუტატები საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, აქციებზე არ გახვიდეთო, რაც ნიშნავს, რომ ამ მხარდაჭერით კიდევ უფრო აღვივებენ ეჭვს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი შეიძლება იდგეს. შესაბამისად, ძირს უთხრიან “ქართული ოცნების” ხელისუფლებას. კრემლში მშვენივრად იციან, რა რეაქციას იწვევს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში დუგინის, პესკოვის თუ ლავროვის მხარდაჭერა. ფაქტია, მთელი ამ პროცესით კანონპროექტის ხელახლა ინიცირებით მმართველმა ძალამ უპირველესად საკუთარ თავს მიაყენა დიდი ზიანი. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალე ისეთი ვითარება შეიქმნას საქართველოში, რაც 2003 წელს იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მიუღებელი გახდა დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკურ არასტაბილურობას, საზოგადოების პოლარიზაციასა და დემორალიზაციას.

რისი იმედი ჰქონდა მმართველ პოლიტიკურ ძალას, როდესაც აბსოლუტურად არაფრისგან, ხელოვნურად შექმნა ეს პოლიტიკური კრიზისი? საქართველოს ჰქონდა ძალიან კარგი დიპლომატიური წარმატება როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ შევძელით გაგვეჭრა შესაძლებლობების ახალი ფანჯარა ჩინეთისკენ, ასევე შევძელით მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და მეტიც, უფრო წინ შეიძლებოდა წავსულიყავით ამ გზაზე და გაგვეხსნა გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები წელსვე. ამასთანავე, ბოლო წლებში ეკონომიკამ ცოტა წინ წაიწია და განწყობა საზოგადოებაში პოზიტიური იყო. ცოტა გაზვიადებულად თუ ვიტყვით, ჩვენს საზოგადოებას ერთადერთი პრობლემა ის ჰქონდა, როგორ წასულიყო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ და აი, ფაქტობრივად, არაფრისგან შექმნეს პოლიტიკური კრიზისი, თან არჩევნების წინ, რამაც ქვეყანაში შექმნა იმგვარი ტურბულენტობისა და რისკების საფრთხე, რომ შეიძლება არჩევნებზე ლაპარაკიც აღარც იყოს, ისე მძიმედ განვითარდეს მოვლენები.

როცა ხელისუფლება თავის პოზიციაში დარწმუნებულია, მას კონტრაქციების ორგანიზება არ სჭირდება. გვახსოვს 2003 წელი, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებამ აქცია გამართა პარლამენტის წინ, ჩამოიყვანა აჭარიდან ხალხი და მხარდაჭერის იმიტაცია სცადა. გვახსოვს, ბატონი ჯემალ გოგიტიძე როგორ ეხვეწებოდა შევარდნაძეს, არ გადადგეო, ასევე კარგად გვახსოვს, როგორ დაასრულა შევარდნაძემ.

გვახსოვს 2012 წელიც, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მხარდასაჭერად სტადიონი გადაავსეს, ჩაატარეს გრანდიოზული თავყრილობა, მაგრამ ვნახეთ, რა მოხდა მალევე, ოქტომბერში. ამგვარი აქციები შესაძლოა ხელისუფლებისთვის ერთგვარად დამამშვიდებლად მუშაობდეს, მაგრამ ეს არ ასახავს რეალობას. ჩვენ პოლიტიკური კლასის პრობლემა გვაქვს. ჩვენთან ხომ არ შეუძლიათ კონსენსუსზე, კომპრომისზე, სამოქალაქო თანხმობაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება. ეს ყველაფერი, რაც, წესით, უნდა იყოს პოლიტიკური სიძლიერის მაჩვენებელი, აღქმულია სისუსტედ, უკან დახევად. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ხელისუფლებას, ისევე, როგორც წინას, არა აქვს იმის შესაძლებლობა, უზრუნველყოს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. შეიძლება ხელისუფლებამ ერთჯერადად შეძლოს კანონპროექტის გატანა, ძალის დემონსტრირებაც, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქმნის იმგვარ რისკებს, რაც ყველა პოლიტიკური ძალისთვის, განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს.

შევხედოთ ამ ე.წ. აგენტების კანონპროექტს და გამჭვირვალობის ყბადაღებულ თემას. უკვე ნათლად იკვეთება, რომ ხელისუფლებას რეალურად გამჭვირვალობა კი არ სურს, არამედ უნდა ძალაუფლების კონცენტრაცია საკუთარ ხელში და პოტენციური კრიტიკოსების გაჩუმება. მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ – საქართველოს არა აქვს იმის რესურსი, რომ დიდძალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კაპიტალი დახარჯოს საზოგადოების ნების დათრგუნვაში. ამიტომაც არ არსებობს ჩვენთვის განვითარების სხვა ალტერნატივა, გარდა დემოკრატიული განვითარებისა, რომელიც ორიენტირებულია სამოქალაქო თანხმობასა და მშვიდობაზე. თუ ხელისუფლება უშვებს ამგვარ შეცდომას, ის ცეცხლს ეთამაშება. არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლებაში რამდენად გაცნობიერებული აქვთ თუ არა. სწორედ ხელისუფლების მოვალეობაა ქვეყანაში სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და განვითარების ხელშეწყობა, თუნდაც ძალაუფლების დათმობის ფასად. სახელმწიფო არ არის ბავშვი, რომელიც ორმა ქალმა შუაზე უნდა გაგლიჯოს. სახელმწიფო არის ყველასი და ეს უნდა ესმოდეს უპირველესად იმას, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია.

მართლაც გასაოცარია, მაშინ, როცა ხელისუფლების პოლიტიკურ პოზიციას არაფერი ემუქრებოდა, მეტიც, მას მომავალ არჩევნებზე, ფაქტობრივად, გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება, რატომ გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი მოწმენდილ ცაზე? იგივე ლგბტ თემასაც რომ შევეხოთ, ანუ მათ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მკვდრადშობილია, რადგან მისი მიღებისთვის საჭირო ხმები არა აქვთ, შესაბამისად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მემარჯვენე პოპულიზმი და არავითარი კავშირი არა აქვს არც ეკლესიის დაცვასთან, არც ოჯახის სიწმინდეზე ზრუნვასა და არც სხვა მაღალფარდოვან ტერმინებთან. თუ მართლაც ვინმეს აწუხებს ოჯახური ფასეულობების ბედი და მოზარდების დაცვა ამ ქვეყანაში, უპირველესად იმაზე იფიქროს, რომ ამ ქვეყანაში ათიათასობით გახლეჩილი ოჯახია, რომლის წევრი ქალები ემიგრაციაში არიან, ბავშვები კი უდედოდ იზრდებიან. იფიქრონ იმაზე, რომ ახალგაზრდები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ დაოჯახებას ან ამის ნიადაგზე რომ ინგრევა ოჯახები. თუ ბავშვის დაცვა უნდათ მავნე იდეოლოგიისგან, რატომ ერთხელ არ უთქვამთ, რომ მათ დაიცავენ ქუჩის კრიმინალური იდეოლოგიისგან, რომელიც მოზარდებს სიძულვილისკენ, ძალადობისა და ნარკოტიკის მოხმარებისკენ უბიძგებს ანუ ყოველივე იმისგან, რაც ქრისტიანულ მოძღვრებას უპირისპირდება.

 

გიორგი გობრონიძე

წყარო: “კვირის პალიტრა

(ქვეყნდება მცირე შემოკლებებით)