ფედერალურმა პროკურატურამ გერმანელი ევროდეპუტატის, მაქსიმილიან კრაჰის ბრიუსელის ოფისი გაჩხრიკა

ფედერალურმა პროკურატურამ გერმანელი ევროდეპუტატის, მაქსიმილიან კრაჰის ბრიუსელის ოფისი გაჩხრიკა. მაქსიმილიან კრაჰი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია, რომლის ყოფილი თანაშემწეც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
ფედერალურმა პროკურატურამ გერმანელი ევროდეპუტატის, მაქსიმილიან კრაჰის ბრიუსელის ოფისი გაჩხრიკა

როგორც გერმანიის პროკურატურაში განმარტავენ, ევროდეპუტატს ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში მოწმის სტატუსი აქვს. ჩხრეკის ნებართვა ევროპარლამენტმა გასცა. გამოძიების მიხედვით, კრაჰის ყოფილი თანაშემწე, წარმომავლობით ჩინელი გერმანიის მოქალაქე უცხოური სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედებაშია ეჭვმიტანილი. ევროდეპუტატის ოფისში მუშაობისას მას წვდომა ჰქონდა ევროპარლამენტის დოკუმენტებთან. გერმანიის პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილმა ჩინეთს გადასცა ინფორმაცია ევროპარლამენტში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ და უთვალთვალებდა გერმანიაში მყოფ ჩინელ ოპოზიციონერებს.

პირი კრაჰის ოფისში ეჭვმიტანილი 2019 წლიდან მუშაობდა. ის 22 აპრილს დრეზდენში დააკავეს და ამჟამად პატიმრობაშია. თავად ევროპარლამენტარ მაქსიმილიან კრაჰს ჩხრეკის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ზოგადად, ევროპარლამენტარების დოკუმენტებს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, თუმცა მისი გაუქმება კონკრეტული სახელმწიფო მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია.

მანამდე დრეზდენის პროკურატურამ მაქსიმილიან კრაჰის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო. ის ეჭვმიტანილია ჩინეთისა და რუსეთისგან დაფინანსების მიღებაში, თუმცა ეს საქმე ევროდეპუტატის თანაშემწის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან არ არის დაკავშირებული. როგორც „შპიგელი“ იუწყება, 2023 წლის დეკემბერში გერმანელი ევროდეპუტატი აშშ-ში ვიზიტის დროს გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა დაკითხეს. კითხვები ეხებოდა კრაჰის მიერ კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან საეჭვო ფულად გადარიცხვებს. თავად პოლიტიკოსმა მაშინ დაკითხვის ფაქტი დაადასტურა, თუმცა რუსეთთან კავშირების ბრალდება უარყო.